LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობის ზრდის შედეგად, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა – PMC კვლევითი ცენტრი

76
rustaveli.jpeg

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სიღარიბის დაძლევა მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება. COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა კი ბევრ ოჯახს შემოსავალი კიდევ უფრო შეუმცირა და აღნიშნული პრობლემა უფრო გაამძაფრა. 2021 წელს, NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 37%-ისთვის მთავარ პრობლემას კვლავ სიღარიბე წარმოადგენდა.

„აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მიმოგვეხილა ბოლო ხუთ წელიწადში სიღარიბის მაჩვენებლის ცვლილებები. ქვეყნები განსხვავებული მეთოდოლოგიით განსაზღვრავენ სიღარიბის დონეს. ამიტომ, საერთაშორისო დონეზე საქართველოს მდგომარეობის უკეთ წარმოსაჩენად, მნიშვნელოვანია, იმ ინდიკატორების მიმოხილვა, რომლებიც უკავშირდება სიღარიბეს და განსაზღვრავენ მის ხარისხს

2021 წელს, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ 5,015 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მსოფლიოში 126-ე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (EaP) შორის მე-4 ადგილია. ადამიანური კაპიტალის ინდექსის მიხედვით, რომელიც აფასებს ჯანმრთელობისა და განათლების წვლილს მშრომელთა პროდუქტიულობაში, 2020 წელს, საქართველო 0.57 ქულით, 174 ქვეყნიდან 85-ე და EaP ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა.

მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსი სიღარიბის სხვადასხვა ფორმებს მოიცავს, როგორებიც არის: ჯანდაცვაზე და განათლებაზე არასაკმარისი წვდომა, დაბალი ცხოვრების დონე, მუშაობის დაბალი ხარისხი და ძალადობის საფრთხე. 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის 3.8% მრავალგანზომილებიან სიღარიბეში იმყოფებოდა, რაც 120 ქვეყნიდან 57-ე, ხოლო EaP ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ჯინის ინდექსი საზოგადოებაში შემოსავლების განაწილებას ზომავს. 2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი 36.7-ს შეადგენდა, რაც 165 ქვეყნიდან 76-ე, ხოლო EaP ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი უთანასწორობის მაჩვენებელია. სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, 2021 წელს საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 71.4 წელი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 101-ე და EaP ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე საქართველო არის ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა, რომელიც ხასიათდება უთანასწორობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზომიერი მაჩვენებლებით. არასაკმარისი ხარისხის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გამო, საქართველო ვერ ახერხებს ადამიანური კაპიტალის მობილიზებას ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალი დონის მისაღწევად.

ვინაიდან სიღარიბეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შემოსავალი, ბოლო ათწლეულის სიღარიბის ტენდენციების ანალიზს შინამეურნეობების შემოსავლების მიმოხილვით ვიწყებთ. 2017-დან 2019 წლამდე, შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები 1,182 ლარიდან 1,360 ლარამდე გაიზარდა. 2020 წელს, COVID-19 კრიზისის შედეგად, შინამეურნეობის ნომინალური შემოსავალი, 2019 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა შესამჩნევად გაიზარდა, შინამეურნეობის ნომინალური შემოსავლები 13%-ით გაიზარდა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში მაღალი ინფლაცია ფიქსირდებოდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია შინამეურნეობების საშუალო შემოსავლების ინფლაციის გათვალისწინებით გაანალიზება. ანალიზისას ჩანს, რომ საშუალო რეალური შემოსავალი, საშუალო ნომინალური შემოსავლისგან განსხვავებით, გაანალიზებულ პერიოდში 1,182 ლარიდან 1,096 ლარამდე შემცირდა. 2021 წელს მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, თუმცა 2019 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლები რჩება.

თუ შინამეურნეობების შემოსავლებს ჯგუფებად დავყოფთ, ჩანს, რომ ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფი (0-დან 500 ლარამდე) ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად, 8 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირდა და 21%-მდე დაეცა. ამავდროულად, ყველა სხვა ჯგუფის ზომა მცირედით გაიზარდა: 2021 წლის მაჩვენებლების, 2017 წელთან შედარებისას, ჩანს რომ იმ შინამეურნეობების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც თვეში 501-დან 1000 ლარამდე იღებენ, 1 პპ-ით გაიზარდა, ხოლო თვეში 1001-1500 ლარამდე შემოსავლის მქონე შინამეურნობების წილი 2 პპ-ით.

2017 წელს, შინამეურნეობების 79% ხვდებოდა სამ ყველაზე დაბალშემოსავლიან, ხოლო 61% კი ორ ყველაზე დაბალშემოსავლიან კატეგორიაში. 2021 წლისთვის, ეს მაჩვენებლები 74% და 51%-მდე შემცირდა, შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები გაიზარდა, 2021 წელს საქართველოში შინამეურნეობების 54%-ს კვლავ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. მეტიც, 2017 წლის ფასებზე მორგებული შემოსავლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ შინამეურნეობების 54%-ს რეალური შემოსავლები 806 ლარს არ აღემატებოდა.

საერთაშორისო სიღარიბის ზღვრები გვიჩვენებს, ქვეყნის მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს დღიური შემოსავლის $1.9, $3.2 და $5.5-ის მიღმა. აღნიშნულ მაჩვენებლებზე დაკვირვება მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის საზოგადოების დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე. 2017- 2019 წლებში, საქართველოში სიღარიბის ზღვრებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი მცირედით შემცირდა. თუმცა, 2020 წელს COVID-19 კრიზისის გამო მოსახლეობის წილი, რომელიც საერთაშორისო სიღარიბის ზღვრებს ქვევით ხვდებოდა, გაიზარდა.

2017-2020 წლებში, $1.9-იანი სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი 5%-დან 4.2%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში, მოსახლეობის წილი, რომლის ყოველდღიური შემოსავალი $3.2- ზე ნაკლებია, 16.1%-დან 17%-მდე გაიზარდა, $5.5-ის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი კი 43%-დან 46.6%-მდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ თუ გავითვალისწინებთ 2021 წელს შინამეურნეობის შემოსავლების ზრდას, 2021 წელს სავარაუდოდ შემცირდებოდა სიღარიბის საერთაშორისო ზღვრების მიღმა მცხოვრები ადამიანების წილიც.

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, გაზრდილმა ნომინალურმა შემოსავალი გავლენა იქონია სიღარიბის მაჩვენებელზე და 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების ყველაზე მცირე წილი დაფიქსირდა.

2017-2021 წლებში, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 21.9%-დან 17.5%-მდე შემცირდა. 2020 წელს, COVID-19-ის კრიზისის გამო, 2019 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 1.8 პპ-ით გაიზარდა. სოფლად მცხოვრებთათვის კრიზისი შედარებით ძლიერი აღმოჩნდა და 3.8 პპ-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქად – 0.7 პპ-ით. თუმცა 2021 წელს ეკონომიკური ზრდა სიღარიბის სტატისტიკაზეც აისახა და აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 3.8 პპ-თი შემცირდა. აბსოლუტური სიღარიბის მსგავსად ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილის დინამიკაც კლებადია და მაჩვენებელი 22.3%- დან 18.9%-მდე შემცირდა. სიღარიბის აბსოლუტურ და ფარდობით ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილის კლების მიუხედავად, 2017-2021 წლებში სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანების წილი საქართველოს მოსახლეობაში 12.1%-დან 15.8%-მდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის კრიზისმა სავარაუდოდ გავლენა იქონია საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარების რაოდენობის ზრდაზე.

სიღარიბის გასაზომად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი საარსებო მინიმუმია, რადგან ეს მაჩვენებელი გამოიყენება აბსოლუტური სიღარიბის დონის განსაზღვრისას. საშუალო ზომის შინამეურნეობის საარსებო მინიმუმი აღნიშნავს შემოსავლის მინიმალურ დონეს, რომელიც საჭიროა საქართველოში საშუალო ოჯახის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

2017-2021 წლებში საშუალო ოჯახისთვის ყოველწლიური საარსებო მინიმუმი 48 ლარით გაიზარდა და 334 ლარს მიაღწია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნომინალური საარსებო მინიმუმის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციის მაღალმა დონემაც იქონია და რეალური მაჩვენებელი პირიქით 2017 წელს 286 ლარიდან 2021 წელს 271 ლარამდე შემცირდა.

საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიამ შესაძლოა, ზუსტად არ ასახოს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც საშუალო ოჯახს კალორიების საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხა შემდგომში განისაზღვრება, როგორც საარსებო მინიმუმის 70%, შესაბამისად დარჩენილი არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს. თუმცა, საქსტატის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში საშუალო ოჯახის დანახარჯები საკვებზე, სასმელებსა და თამბაქოზე აუცილებელი დანახარჯების (საკვები,თამბაქო, სასმელი და ტრანსპორტი, კომუნალური გადასახადები, ჯანდაცვა) 54%-ს შეადგენდა, შესაბამისად არა სასურსათო ხარჯების წილი საარსებო მინიმუმში უნდა განისაზღვროს, როგორც მინიმუმ 46%. ამ მონაცემის (54%/46%-იანი პროპორცია) მიხედვით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საარსებო მინიმუმი 99 ლარით იზრდება და 433 ლარს აღწევს.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ 2017-2021 წლებში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავალი გაიზარდა, რამაც გამოიწვია საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების წილის კლება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში შემცირდა შინამეურნეობების რეალური შემოსავლები და გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა. სავარაუდოა, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობის ზრდის შედეგად, ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც შემწეობის მიღების შედეგად, დაუგროვდათ საკმარისი შემოსავალი და ხარჯები სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის გადასალახად – გაიზარდა, რამაც გავლენა იქონია სიღარიბის შემცირებულ მაჩვენებლებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აბსოლუტური სიღარიბის უფრო ზუსტი მაჩვენებლის მისაღებად, შესაძლოა, საჭირო იყოს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის გადახედვა“, – ნათქვამია კვლევაში, რომელსაც PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები