ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით (ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილი, სამი „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, ერთი ტრაქტორი და სამი ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვება.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი და სამი კვადროციკლი გადაეცემათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას შეუწყობს ხელს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბოდორნაში ახლად აშენებულ „საქმიანი ეზოში“ იმყოფებოდნენ და ხე-ტყის დამზადების ახალ მოდელს ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრაზე სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და ამ რეფორმებში „საქმიანი ეზოს“ როლზეც ისაუბრეს. პროექტის მიზანია ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიიდან საშეშე მერქანის მოპოვება, ტრანსპორტირება და სარეალიზაციოდ დამუშავება „საქმიან ეზოებში“, რაზედაც, ძირითადად, ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იქნება დასაქმებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 43 „საქმიანი ეზო“.
სატყეო რეფორმა ითვალისწინებს სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში სოციალური ჭრა ეტაპობრიივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო მეტად კომფორტული იქნება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და მერქნულ რესურსზე იქნება გამარტივებული წვდომა.
„წელს იაპონია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს აღნიშნავენ. მინდა ხაზი გაუსვა იმ წარმატებას, რომელსაც საქართველომ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების მხრივ მიაღწია. გაეროს განვითარების პროგრამასთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, ახალი პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც საქართველოს ტყის დაცვას და ემისიების შემცირებას ემსახურება“, – აღნიშნა იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ.
პროექტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ – იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი.
როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცემა. რეგიონის დაახლოებით 43,000 -მდე მაცხოვრებელი მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ საწვავს – ბიომასას, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებისთვის გამოიყენებს. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.