ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ, მათივე განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
რას აპროტესტებენ და რა მოთხოვნები აქვთ რაჭის მცხოვრებლებს? – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა ისაუბრა.
„იძულებული გავხდით სასამართლოსთვის მიგვემართა “
„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რათა ბათილად იქნეს ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.
“ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია შემთხვევით მედიიდან გავიგეთ, პოსტფაქტუმ და საკითხის გარკვევისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვთხოვეთ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გადმოცემა.
სწორედ ამ უწყებამ გასცა ლიცენზია დაახლოებით 105 ათას ჰექტარ ტყეზე 49 წლის ვადით. ეს საბუთები კანონის დარღვევით არ მოგვცეს, დაგვიმალეს და იძულებული გავხდით მიგვემართა სასამართლოსთვის.
ამის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაგებელი შეიტანა და ამ შესაგებელში თანდართული იყო ადმინისტრაციული წარმოების მასალები, დოკუმენტები. რასაც ვითხოვდით ფაქტობრივად მივიღეთ, გავეცანით და ვნახეთ, რომ კანონდარღვევა ჩანდა და ამის საფუძველზე ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრეთ და საჩივარი შეგვაქვს რაჭის სათემო ორგანიზაციასა და მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რაჭაში და პირადად არიან დაზარალებული”, – აღნიშნა ირაკლი მაჭარაშვილმა.
რაშია პრობლემა?
„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით საკითხს პრობლემატურს ხდის ის ფაქტი, რომ ლიზენციის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საზოგადოების გარეშე მიიღეს. ამასთან, მისივე თქმით, გარკვეულ კითხვებს ბადეს, აღნიშნული ტერიტორიის მდებარეობა და მისი მასშტაბები.
“პირველი პრობლემა, რაც არის, ის გახლავთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიიღეს. საქართველოს მოქალაქეებს ეს უფლება ორჰუსის კონვეციით აქვთ მინიჭებული და ის, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ნათლად ჩანს ევროკომისიის იმ 12 დავალებიდან, რაც დაგვაკისრეს. ერთ-ერთი საზოგადოების ჩართულობაა გადაწყვეტილების მიღებაში და 12 პუნქტში არ შევიდოდა მნიშვნელოვანი რომ არ იყოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი? თავისი მასშტაბიდან გამომდინარე. თითქმის 105 ათასი ჰექტარი არის საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 2%, უზარმაზარ ტერიტორიაზეა საუბარი და თან განლაგებულია რუსეთის ფედერაციისა და სამაჩაბლოს მოსაზღვრე რეგიონში, სამხედრო თვალსაზრისით მძიმე რეგიონში. ესეც გარკვეულ კითხვებს ბადებს.
ამასთან, ეს გახლავთ რაჭის ტყეების მესამედი და მოიცავს რაჭის 80-მდე სოფელს. როგორ მოხდება სავარგულების გამოყენება და რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება შეექმნათ, მოსახლეობამ არ იცის, არადა ეს საკითხები წინასწარ უნდა იცოდნენ, უნდა იცოდნენ რა ელოდებათ უახლესი ნახევარი საუკუნე და არ უნდა მარჩიელობდნენ კარგია თუ არა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ასეთმა გადაწყვეტილებამ უკვე შეუშალა ხელი რაჭაში ეროვნული პარკის დაარსებას. მართალია ლიცენზიის პირობებში წერია, რომ არ უნდა შეუშალოს ხელი, მაგრამ გაუგებარია ეს რას ნიშნავს, რადგან უკვე შეუშალა. სამი წელიწადია მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ უნდა შეიქმნას ეროვნული პარკი, მაგრამ დასავლეთ საქართველოში არ არსებობს არცერთი დაცული ტერიტორია. ჩვენი ქვეყნის ტყის გამორჩეული მასივები – სვანეთი, სამეგრელოს მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი… არ არსებობს ერთი კვადრატული მეტრი დაცული ტერიტორიაც”, – განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა.
„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე შესაძლოა ტყის ჭრა განხორციელდეს, მათ შორის კომერციული მიზნითაც.
“სამონადირეო მეურნეობა უნდა შეიქმნას, ოღონდ რა უნდა გაკეთდეს, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. პირობებში უწერიათ, რომ ორი სახეობის აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი – დომბა და კავკასიური ირემი. თუ სახელმწიფოს ეს მიზანი აქვს, მაშინ საუკეთესო საშუალებაა ეროვნული პარკი და არა სამონადირეო მეურნეობა. თუმცა სალიცენზიო პირობებში არის სხვა სახიფათო რაღაცებიც. მაგალითად, შესაძლებელია ამ ტერიტორიაზე დაიწყონ ტყის ჭრა, მათ შორის კომერციული მიზნითაც, ასევე წიაღის მოპოვება და ა.შ.”
ხოშტარია: დავით ხიდაშელი რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება
კითხვაზე, რა მოლოდინი არსებობს საკითხზე, ირაკლი მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ პასუხი მარტივია.
“თუ არა სცადე, არ იცი გამოგივა თუ არა. პარლამენტში შევიტანთ წინადადებას დაცული ტერიტორიის დაარსებასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ რაჭაში იქნება დიდი ეროვნული პარკი და მრავალი გამოყენების ტერიტორია, რომელშიც ჩართული იქნება მოსახლეობა. ასევე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ადრე თუ გვიან ეს უკანონოდ გაცემული ლიცენზია გაუქმდება.
გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებს მივმართავთ შესაბამისი სარჩელებით”, – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა.
“ფორტუნა” ცდილობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიეღო საკითხთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი, თუმცა ამაზე უწყებაში უარი განაცხადეს.