“არსებობს, მინიმუმ, ალტერნატიული 4 გზა, საიდანაც შესაძლებელია ხორბლის იმპორტი საქართველოში”, – ამის შესახებ პარტია “დროას” აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა აცხადებს და რუსეთზე დამოკიდებული ქართული ხორბლის ბაზარსა და გმოსავლის გზებზე საუბრობს.
ლემონჯავას თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ხორბლის ბაზარი სრულად დამოკიდებული გახადა რუსეთზე.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ასევე რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან ხორბლის გატაცებისა და მთელ მსოფლიოში ამ ხორბლის გავრცელების გამო, საზოგადოებაში ლეგიტიმური შიშები არსებობს და ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, ხორბლის საკითხის განხილვა სულ უფრო აქტიურად ხდება:
“არსებული ვითარება არის შემდეგი, რომ საქართველოში ხორბლის ბაზრის მხოლოდ 15,5 % არის შიდა წარმოება, დანარჩენი არის იმპორტირებული. იმპორტირებული ხორბლის დაახლოებით 100% მოდის რუსეთზე. და ეს სერიოზული პრობლემაა.
ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც იძებნება, ფაქტობრივად, ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია ადგილობრივი ბიზნესებისთვის – როგორ არ შევიდნენ ურთიერთობაში სანქცირებულ კომპანიებთან და როგორ აირიდონ თავიდან საერთაშორისო სანქციები.
სამწუხაროდ, ასეთი ტიპის დოკუმენტები არ იძებნება საქართველოს მთავრობის არცერთ ვებგვერდზე. მეტიც, ჩვენ კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ბიზნესმენის ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარი და ამის შემდეგ რუსეთის დაზვერვასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ალი უზდენოვის ვიზიტი საქართველოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავად დაადასტურა, რომ თავად შეხვდა ალი უზდენოვს და ის გადაამისამართა სპეციალურ ასოციაციებთან, მათ შორის, მარცვლეულის და ხორბლის საკითხზე მომუშავე კომპანიებთან. გააკეთა ის, რასაც არ უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, რომელსაც არ უნდა რომ კერძო კომპანიები და სახელმწიფო გაეხვიოს საერთაშორისო სანქციებში. ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ არსებობს, ალტერნატიული მინიმუმ 4 გზა, საიდანაც შესაძლებელია ხორბლის იმპორტი საქართველოში.
1. ხორბლის იმპორტი ყაზახეთიდან – რუსეთის სანქცირების გამო, ყაზახეთი როგორც არასდროს, დაინტერესებულია ევროპაში საკუთარი ხორბალი კასპიის ზღვისა და საქართველოს გავლით გაიტანოს, რაშიც მნიშვნელოვან როლს ფოთის პორტი და საზღვაო გზები ასრულებს. ეს კი ყაზახურ ხორბალს ხელმისაწვდომს ხდის ჩვენთვის. საჭიროა პოლიტიკური ნება და ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სისტემის ჰარმონიზაცია.
2. ხორბლის იმპორტი აშშ-დან და კანადიდან – ამერიკული და კანადური ხორბლის იმპორტი შესაძლებელია გემით, ზღვიდან. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თუკი საქართველო ითხოვს დახმარებას, შეამციროს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულება სავსებით შესაძლებელია, ამერიკული ხორბლის გარკვეული ნაწილი სტრატეგიული პარტნიორისგან უსასყიდლოდაც მივიღოთ.
3. ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაძლიერება – სხვადასხვა გათვლით, მთავრობის დახმარებით ხორბლის კარგი ჯიშის, პესტიციდების, შხამ-ქიმიკატებისა და სათანადო ტექნოლოგიების შემოტანის შემთხვევაში, სულ მცირე ორჯერ არის შესაძლებელი ბაზარზე ქართული ხორბლის წილის გაზრდა.
4. თურქეთი – თურქეთი ხორბლის ფქვილის კიდევ ერთი ალტერნატიული წყაროა. ის ფქვილის უდიდესი ექსპორტიორია. გასულ წელს მსოფლიოში თურქეთიდან ექსპორტირებულმა ფქვილმა 23.8% შეადგინა, ეს მონაცემები კი ზრდადია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩნდება ძალიან ლეგიტიმური კითხვა, რატომ გახადა „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ხორბლის ბაზარი სრულად დამოკიდებული რუსეთზე და ეს ხომ არ არის დაკავშირებული უკრაინიდან გატაცებული ხორბლის მთელ მსოფლიოში დისტრიბუციის საკითხთან?” – აცხადებს “დროას” აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა.