LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძაშვილმა უყურა ტრაგედიის ამსახველ კადრებს, თავი რომ ასწია პირდაპირ შუბლშია მოხვედრილი.. ორი შვილი დარჩა.. მამაც ტრაგიკულად დაეღუპა“ – გარდაცვლილი აქტივისტის, გივი კუბლაშვილის მეგობარი ტრაგედიის დეტალებს გვიყვება

13722
BeFunky-collage (3)

დღეს, 9 ივლისს გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის, გივი კუბლაშვილის გარდაცვალების შესახებ. ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გივი კუბლაშვილი თავის არეში უმძიმესი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მე-8 საავადმყოფოში გუშინ, შეიყვანა.

სამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

მიუხედავად ექიმების მცდელობისა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს, 9 ივლისს, დილით გარდაიცვალა.

სამოქალაქო აქტივისტსა და გუშინ მომხდარ ტრაგედიის შესახებ „ფორტუნას“ გივი კუბლაშვილის მეგობარი, კახა კვეკვესკირი ესაუბრა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გივი ავეჯის კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა მისი პასუხისმგებლიანი ბუნებიდან გამომდინარე ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა.

„ავეჯის კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო და ხანდახან თავადაც ეხმარებოდა მუშებს, რათა საქმე დროულად მოესწროთ. გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა ის, რაც მოხდა. აწევის დროს რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე გადმოცვიდა და პირდაპირ შუბლის არეში მოხვდა.

მთელი ღამე ვიყავი [კლინიკასთან] და როგორც ბიძაშვილმა მითხრა, უყურა ტრაგედიის ამსახველ კადრებს, თავი რომ ასწია პირდაპირ შუბლშია მოხვედრილი. თავის ქალა ჰქონდა შუაში გახსნილი.

მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა ექიმებთან კონტაქტი, გივის გადარჩენის ერთ პროცენტს იძლეოდნენ. გვითხრეს, რომ კრიტიკული 24 საათის გასვლის შემდეგ ეცოდინებოდათ პასუხი, საუბარი იყო დღევანდელ დღეზე, დღეს პირველ საათზე იწურებოდა ეს დრო, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მიაღწია.

ნათესავმა თავად უყურა ამ საშინელ კადრებს, უფრო ძმა ჰყავს და თქვა, ვერ ვუყურებო.

 

 

33 წლის იყო. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით. მეუღლე და ორი შვილი დარჩა. უფროსი ბიჭი პირველ თუ მეორე კლასშია. მამაც ტრაგიკულად ჰყავს გარდაცვლილი. 40 წლის იყო საწყალი კაცი, როცა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ძალიან მაგარი ადამიანი იყო, ხომ ხედავთ აჭრელებულია მთელი სოციალური ქსელი”, – განაცხადა გივი კუბლაშვილის მეგობარმა, კახა კვეკვესკირმა “ფორტუნასთან”.

„ფორტუნა“ მომხდარზე დამატებითი დეტალის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც შეეცადა.

უწყებაში გვითხრეს, რომ მომხდარზე მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები