LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ორი ახალი პროდუქტი დაინერგა: “ეს უფრო მეტად ოპერატიულს გახდის რეინჯერთა პატრულირებას”

147
292147441_399051065588990_6756765687514825191_n

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ორი ახალი პროდუქტის „SMART სივრცული მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემისა“ და „დაცული ტერიტორიებისთვის ელექტრონული სწავლების” პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი პროდუქტები გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელი დირექტორი ტობიას მიუნხმაიერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვისა და განვითარების საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. საქართველოსა და კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია 110 წლის წინ შეიქმნა. ეს იყო ლაგოდეხის ნაკრძალი, რომლის ფართობი, დაახლოებით, 3 500 ჰექტარს შეადგენდა. დღეისათვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 800 000 ჰექტარია. დაცული ტერიტორიების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა. თანამედროვე SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულსა და ეფექტიანს გახდის რეინჯერთა პატრულირებას. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა თავს მოუყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიან მონაცემებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეინჯერების სოციალური და ტერიტორიული ადმინისტრაციების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, რაშიც უდიდესია დონორი ორგანიზაციების წვლილი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

პრეზენტაციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი სისტემის დანერგვით მიღებულ სარგებელს დაცული ტერიტორიების მართვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. აღინიშნა რომ, SMART -ის დანერგვის შედეგად შესაძლებელი გახდება:

▶ პატრულირების ეფექტიანობის გაზომვის შესაძლებლობა,

▶ პატრულირების ხარისხის გაზრდა და დაცული ტერიტორიის მართვის გაუმჯობესება,

▶ ანგარიშვალდებულებისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე,

▶ სტანდარტიზებული ანგარიშებისა და ინდიკატორების მომზადება ბრაკონიერობასა და სხვა დარღვევებზე.

„ჩვენ ვახორციელებთ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისთვის. რეინჯერებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ ეს ტექნოლოგია პარკის მენეჯმენტისა თუ უკეთესი მონაცემთა ანალიზისთვის. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში და მადლობას ვუხდი დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩვენი ერთობლივი აქტივობებისთვის“, – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, 12 სამიზნე დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის – ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას ეროვნული პარკების, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ალგეთის, ყაზბეგის, ვაშლოვანის, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს SMART პატრულირების ტრენინგები კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ეტაპობრივად ჩაუტარდათ.

პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ არის 5 წლიანი „ტექნიკური დახმარების“ პროექტი, რომელიც ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. საქართველოში ამ პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მხარეა კავკასიის ბუნების ფონდი (CNF).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები