LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუშტუკოვანი გამონაყარი ხელის, ფეხის გულებსა და პირის ღრუში – არის თუ არა ეს ჩუტყვავილა? რატომ გავრცელდა ახალი ვირუსი და როგორ უნდა დავიცვათ მისგან თავი

3217
კოქსაკი 22

20 ივნისს საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა და ამით საქართველოში ფაქტობრივად  კოვიდპანდემია, დასრულებულად გამოცხადა.

მივიწყებულმა კოვიდმა თითქოს ძალები გაიორმაგა და გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1058 შემთხვევაც აღირიცხა.

„ომიკრონის“” ახალი ქვე შტამი BA 5 უკვე საქართველოშია.

ამ ყველაფერს თან ერთვის მცირეწლოვნებში გავრცელებული რამდენიმედღიანი ვირუსი, რაც საბოლოო ჯამში კლინიკების გადავსებასაც კი იწვევს.

ვირუსი ზოგ შემთხვევაში გამონაყარით მიმდინარეობს. „ფორტუნამ“ საზოგადოებაში არსებული კითხვები, ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას დაუსვა.

გამონაყარი და სიცხე – არის თუ არა ეს ჩუტყვავილა?

 

„ჩუტყვავილას შემთხვევებიც ფიქსირდება ჩვენთან, თუმცა გაზაფხულის სეზონი მკვეთრი მატებით რესპირაციულ ინფექციებით აღინიშნა, რაც წინა წლებში არ შეინიშნებოდა. სავარაუდოდ ეს განპირობებული იყო, იმით, რომ კოვიდის პანდემიის გამო ადამიანები რეკომენდაციებს იცავდნენ.

ინფექციებს გადადების ერთი გზა ახასიათებს, ამიტომ  ჰიგიენური ნორმების დაცვის, პირბადის გამოყენების და დისტანცირების გამო, ამ კუთხით შედარებით სტაბილური მდგომარეობა გვქონდა .

წელს უჩვეულოდ ბევრი გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა გაზაფხულის პერიოდში, მათ შორის ბავშვთა ასაკში. ადენოვირუსული ინფექცია მცირე ასაკოვან ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა.

ჩუტყვავილას მსგავსი გამონაყარი, ანუ ბუშტუკოვანი გამონაყარი ხელის და ფეხის გულებზე და პირის ღრუში, ეს ძირითადად  ენტეროვირუსების ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი ვირუსით, კოქსაკის ვირუსითაა გამოწვეული.

კოქსაკის ვირუსი ძირითადად ბუშტუკოვანი გამონაყარით, ცხელებით მიმდინარეობს. საკმაოდ ბევრი შემთხვევა აღინიშნა ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

მისი მიმდინარეობა როგორც წესი არაა მძიმე და 4-5 დღიანი ცხელება და პლუს გამონაყარი ახასიათებს, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა ლაგდება.

მაგრამ არის შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, წავიდეს უფრო რთულად. პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს უფრო რთულად გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნები, ან გართულება, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, მენინგიტით გართულდეს და ამის გამო პაციენტი საჭიროებდეს სტაციონარიზაციას, მაგრამ ასეთი შემთხვევები ნაკლებია და ძირითადად, დაავადების მიმდინარეობა არის საშუალო და მსუბუქი, მაგრამ მცირე ასაკის ბავშვები მაღალი სიცხის დროს, მაინც საჭიროებენ ხოლმე სტაციონარში გადაყვანას.

წინა წლებში რეკომენდაციების დაცვის გამო ეს ინფექცია ნაკლებად იყო აქტუალური, მაგრამ წელს, როდესაც რეგულაციები მოიხსნა, შეიქმნა კარგი გარემო, რომ ადვილად გავრცელებულიყო რესპირაციული ინფექციები.

თითოეულ ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა და როდესაც 2-3 წელი არ გვხვდება ბევრი შემთხვევა, შემდეგ იმუნური ფენა იკლებს და შესაბამისად ერთ წელს არის ხოლმე შედარებით გაუარესება და ბევრი შემთხვევა ფიქსირდება ხოლმე“. – ამბობს გოგინავა „ფორტუნასთან“.

 

როგორ განვასხვაოთ კოქსაკის ვირუსი ჩუტყვავილისგან

 

„ჩუტყვავილას გამონაყარი ძირითადად იწყება სახეზე და თავზე გამონაყარით და მერე ვრცელდება მთლიან ტანზე. კოქსაკის ვირუსის დროს კი გამონაყარი ძირითადად არის, ფეხის და ხელის გულებზე და პირის ღრუში. თუმცა ზოგჯერ, როდესაც ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, შეიძლება განსხვავება არ იყოს მკვეთრად გამოხატული და ამიტომ ორივე შემთხვევაში აუცილებელია პედიატრთან კონსულტაციის გავლა. “ – განმარტავს ინფექციონისტი.

 

როგორ დავიცვათ თავი

 

„რესპირაციული ინფექციები არის მსგავსი. ამიტომ მათგან  თავდაცვა ერთნაირია. ჰიგიენური ნორმების დაცვა, თუ სიმპტომი აღენიშნება მოზრდილს. უნდა ატაროს  პირბადე. თუ ბავშვს აქვს სიმპტომი, როგორიცაა ხველა და ყელის ტკივილი, სურდო ან გამონაყარი, უნდა მოვარიდოთ სხვა ბავშვებთან კონტაქტს, უნდა იყოს სახლში, სანამ ეს სიმპტომები არ ალაგდება. ამით ხელს შევუშლით დაავადების სწრაფ გავრცელებას“- ამბობს გოგინავა.

 

კოვიდის მატება რამდენად შეიძლება, რომ იყოს საგანგაშო?

 

„საგანგაშოს ჯერ ვერ დავარქმევთ, თუმცა არის საყურადღებო და ეს სიტუაცია არამხოლოდ საქართველოშია. ევროპის რეგიონში კოვიდის კუთხით სიტუაციის გაუარესება შეინიშნება. ძირითადად, ეს დაკავშირებულია ომიკრონის ქვეშტამებთან და ახალ ქვეშტამთან BA 5-თან, რომელიც ასევე ცირკულირებს საქართველოში.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს ფრთხილად, დაიცვას რეკომენდაციები და თუ აღენიშნება სიმპტომები, არ ჰქონდეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. დროულად ჩაიტაროს დიაგნოსტირება და გადავიდეს იზოლაციაში რამდენიმე დღით, რადგან თავისდაუნებურად არ გახდეს დაავადების გამავრცელებელი.

ასევე აუცილებელია ვაქცინაცია ასაკოვან და ქრონიკული დაავადების ადამიანებში, რადგან ომიკრონის ქვეშტამები ძირითადად ამ რისკჯგუფებს მოიცავს და ამიტომ თუ ჩვენ მათ ავცრით,  ხელს შევუშლით დაავადების მძიმე მიმდინარეობას,“ – ამბობს გოგინავა „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები