LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვაპატიებთ – დიდი ხანია ამ მხარეში ასეთი რამ არ მომხდარა, გაოგნებულები ვართ“ – გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა ყვარელში მოხუცზე ძალადობაში ბრალდებულის ოჯახებს სოფელი დაატოვებინეს

984
ძალადობა ყვარელში

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტყეში 68 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირების ოჯახებმა სოფელი დატოვეს.

სოფელ კირბალში მცხოვრები ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი ფაქტი მათ სოფელში არასდროს მომხდარა და მსგავსი პირები მოსახლეობაში არ უნდა იყვნენ.

„არასწორი საქციელია. მე არ ვიცი, ფული წაართვეს, არ წაართვეს მაგრამ, ეგეთი ხალხი მოსახლეობაში არ უნდა გავაჩეროთ. მოსახლეობამ თქვა, რომ აქედან გადავასახლოთო“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „TV პირველთან“ საუბრისას.

ბრალდებულების თანასოფლელების თქმით, როგორც კი სოფელმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო, ერთ-ერთ ბრალდებულს, სანამ პოლიცია დააკავებდა, მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.

„წაიყვანეს და სცემეს. მეორე უკვე დაკავებული იყო. არ ვაპატიებთ ასეთ რამეს. დიდი ხანია ამ მხარეში ასეთი რამ არ მომხდარა, ყველა გაოგნებულები ვართ.“– აღნიშნა ადგილობრივმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულების ოჯახის წევრებმა უკვე დატოვეს სოფელი.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი დანაშაული კახეთში თანხის გამოძალვის მოტივით მოხდა. 68 წლის კაცი თანასოფლელებმა ტყეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სცემეს, დააჩოქეს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი ბრალდებულებმა მსხვერპლს დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები გადაუღეს.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები