LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმიანობაში მთავარ ხელის შემშლელად ბიზნესი კვლავ ლარის არასტაბილურობას ასახელებს

92
fuli_7YtDJou_pRGFIg9_ZMdASsg

საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 67 % აფიქსირებს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მაისის თვიდან, ლარის გამყარების დინამიკა გამოიკვეთა, 2022 წლის II კვარტალში, მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ბიზნესი კვლავაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ასახელებს, თუმცა, ხაზგასასმელია, რომ წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გამყარებას მოელიან მომდევნო 6 თვეში. მეტიც, 2021 წლის IV კვარტალიდან ყოველკვარტალურად მცირდება კომპანიებში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, მეორე ადგილზეა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, რომელთაგან ყველაზე მწვავედ მარეგულირებელი გარემო და ადმინისტრაციული საკითხები სახელდება. საგულისხმოა, რომ სასამართლო სისტემა და Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვები, როგორც ბიზნესსაქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები, მიმდინარე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 18 და 38 პროცენტული პუნქტებით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვლევაში, ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორები განხილულია ასევე სექტორულ ჭრილში, რაც ბიზნესში არსებული გამოწვევების უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

კვლევის თანახმად, სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მწვავე პრობლემას მშენებლობის სექტორისთვის წარმოადგენს, კერძოდ, 90%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც მეორე კვარტალში აღნიშნული ფაქტორი დააფიქსირა ხელის შემშლელად.

სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ისევე როგორც სპეციალისტების ნაკლებობა თანაბრად მნიშვნელოვანი პრობლემაა ყველა სექტორისთვის, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობა წინა კვარტალთან შედარებით, გამწვავდა ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში. მოთხოვნის სიმცირე როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი ყველაზე ხშირად მომსახურების სექტორში დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსის მიმდინარე კვლევა მაისის თვეში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა საქართველოს ბიზნესასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები