ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, საქართველოში ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ, 2019 წლის ზაფხულის თვეების მაჩვენებელს გადააჭარბოს.
„ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა შემდეგ თვეებშიც უნდა შევინარჩუნოთ. მაისის თვეში, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი თითქმის 96%-იანი იყო. ზაფხულის თვეებში – ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით, 2019 წელის მონაცემებს უნდა გადავაჭარბოთ. შესაბამისად, ეს იქნება მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. სხვა მიმართულებითაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდება. ჩვენთვის მთავარი მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ეს ზრდა მხოლოდ ერთი წელი არ უნდა გვქონდეს, არამედ სტაბილურად, რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.