LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წავიღეთ ხელკეტები და ნიღბები… სისხლიანი დანა ეჭირა ხელში და იძახდა, დავჩეხეო – რა ჩვენებები მისცეს ბრალდებულებმა გლდანის ხევში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე?

152
გლდანისხევი

ცნობილი ხდება გლდანის ხევში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დამატებითი დეტალები. 29 წლის კახა მახარაძის მკვლელობის სავარაუდო მოტივი და ბრალდებულების ჩვენებები “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა.

გამოძიებით დგინდება, რომ კახა მახარაძის ახლო ნათესავი სამ მეგობართან ერთად, საქმის გასარჩევად მივიდა, კახა მახარაძე სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს და დანით მოკლეს.

მომხდარის სავარაუდო მოტივი სოლიდური თანხაა, რომელიც მახარაძეების ნათესავის სახლიდან დაიკარგა. “კურიერის” ინფორმაციით, სწორედ დაკარგული ფულის საფუძველზე დაიწყო წლების წინ კონფლიქტი. ამ ვერსიას გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებს, რომელიც ამავდროულად მოკლულის ნათესავია.

“კურიერმა” ბრალდებულ კ.მ-ს ჩვენება მოიპოვა, სადაც სწორედ იმ თანხაზეა საუბარი, რომლის გამოც უთანხმოება დაიწყო და მკვლელობით დასრულდა:

“ჩემი და კახა მახარაძის ნათესავის სახლიდან დაიკარგა თანხა, დაახლოებით 30 000 ლარამდე. თანხის მფლობელს ეჭვი ჰქონდა, რომ ის კახა მახარაძემ წაიღო. აქედან გამომდინარე, მეც რამდენჯერმე მქონდა კახა მახარაძესთან უსიამოვნო საუბარი. ვერ მოვახერხე კახა მახარაძის დაწყნარება და დასახმარებლად მივმართე ჩემს მეგობარ დავით მინასოვს, მეტსახელად ბალუს. შევთანხმდით, რომ მაგრად უნდა ეცემათ მახარაძე “ბალუს“ და შალვა ჭამიაშვილს. გლდანულაში წავიღეთ ხელკეტები და ნიღბები, ისინი გადავიდნენ მანქანიდან, მე დავრჩი. დაახლოებით 10 წუთში გავიგე 4-5 გასროლის ხმა, ამის შემდეგ შალვა ჭამიაშვილი და დავით მინასოვი 2 წუთში მანქანასთან მოვიდნენ და ადგილი დავტოვეთ. ბალუს ვიზუალურად არ ეტყობოდა, მაგრამ იყო დაჭრილი,”- წერია ჩვენებაში.

კიდევ ერთი ბრალდებული, 18 წლის შალვა ჭამიაშვილი ჩვენებაში სისხლიანი გარჩევის დეტალებს იხსენებს.

“კახა მახარაძეს მინასოვმა არაფრის თქმა არ აცალა, ხელი დაარტყა სახის მიდამოში, რომელიც მაშინვე წაიქცა ასფალტიან ზედაპირზე. წამიერად ატყდა სროლა, მოჩხუბრებს კახა მახარაძეს და დავით მინასოვს ჩავურბინე გვერდით, რა დროსაც დავინახე წაქცეულ კახა მახარაძეს როგორ ურტყამდა დანას ფეხზე მდგომი დავით მინასოვი…. დავით მინასოვს სისხლიანი დანა ეჭირა ხელში და იძახდა, დავჩეხეო. ასევე თავადვე თქვა, რომ დაჭრილი იყო და ხელს იკიდებდა გულის მხარეს. მანქანაში იყო პანიკური სიტუაცია, მძღოლმა სწრაფად გაგვარიდა შემთხვევის ადგილიდან,”- აღნიშნულია შალვა ჭამიაშვილის ჩვენებაში.

წყარო: რუსთავი 2

თბილისში, გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები