LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბრალო ტრენინგია, არაფერი საბჭოთა კავშირზე“ – თბილისში, პრორუსული სემინარი იმართება

188
რუსული სემინარი თბილისში

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, პრორუსული სემინარი იმართება. 

მას შემდეგ, რაც სასტუმრო „იბისის“ ტერიტორიაზე ჟურნალისტები მივიდნენ, სემინარის მონაწილეებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველები სიტუაციაში გარკვევას ცდილობენ.

„არ ვარ ორგანიზატორი, ლექტორი ვარ. არ გინდა ეს დაზეპირებული კითხვები, მაჩვენე აბა, ჩეკი ვის მიერ არის დაფინანსებული“, – უთხრა „მთავარ არხს“ ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ.

დაუდასტურებელი ცნობით, სემინარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული, თუმცა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ არ იცის ვისი დაფინანსებით ტარდება ადგილზე სემინარი.

„უბრალო ტრენინგია, სემინარი, არ არის არაფერი საბჭოთა კავშირზე. ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის უბრალო ტრენინგი. არანაირი რუსეთის საგარეო“, – ამბობს ალექსანდრ ბეჟენცევი, რუსი ახალგაზრდების კავშირის ხელმძღვანელი.

SOVA-მ მოახერხა ამ დახურულ ლექციაზე შესვლა, სადაც აუდიტორიას ისტორიული ფაქტების „კრემლისეულ“ ინტერპრეტაციებს სთავაზობდნენ.

მათი ცნობით, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ, კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა საქართველოში, „დიდ სამამულო ომზე“ ისაუბრა. ასევე, იმაზე, თუ როგორ ხდება „ისტორიაზე თავდასხმა“ დღეს საქართველოში.

„ანტიჰიტლერულ კოალიციაში დასავლეთის ქვეყნებიც მონაწილეობდნენ, მასში შედიოდა საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ… ომის დროს თანდათან გაფართოვდა ეს კოალიცია. მაგრამ მიუხედავად ამისა, წამყვან როლს, რომელიც სსრკ-ს ეკუთვნის, დღეს ხშირად უარყოფენ“, – განუცხადა რცხილაძემ აუდიტორიას.

ლექციის განმავლობაში ევრაზიის ფონდის დირექტორი საუბრობდა საბჭოთა კავშირის დამსახურებაზე როგორც საქართველოს, ისე სსრკ-ს შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების გადარჩენაში.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ორგანიზაცია „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის“ მიერ დაგეგმილი სემინარი ადგილზე სამართალდამცველებისა და ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ შეწყდა.

როგორც სემინარის ორგანიზატორმა ალექსანდრ ბეჟენცევმა რადიო „თავისუფლების“ უთხრა, „ტრენინგს“, ძირითადად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური რუსული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის მართავდნენ, სემინარის თემა კი ეთნიკური უმცირესობები დაცვა იყო. პროგრამის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა, ასევე, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს წვლილი მეორე მსოფლიო ომში.

ბეჟენცევის განმარტებით, ადგილზე მედიის გამოჩენის და სემინარით დაინტერესების შემდეგ, მონაწილეებმა სასტუმროს დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„დღეს ჩვენ ვატარებთ სემინარს, რომლის მთავარი საკითხი იყო ეთნიკური უმცირესობების თემა. მოვიწვიეთ ჩვენი ახალგაზრდები, საქართველოს მოქალაქე რუსეთის დიასპორის წარმომადგენლები. ტრენინგი რუსულ ენაზე იყო. არავითარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვაფინანსებდა, არავითარი პროპაგანდა არ ყოფილა.

გვაფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების დახმარებისა და უფლებების დაცვის ფონდი“, ვინ აფინანსებს ამ ფონდს, არ ვიცი, ალბათ, სახელმწიფო, არ აქვს მნიშვნელობა. არავითარი პოლიტიკური საკითხები აქ არ დასმულა.

უნდა გველაპარაკა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე, უპირატესად ევროპულ სტანდარტებზე. ასევე ჩვენი დიასპორის მდგომარეობაზე, არავითარ პოლიტიკაზე ლაპარაკი არ ყოფილა“, – განაცხადა ბეჟენცევმა, რომლის თქმითაც, მედიის წარმომადგენლების „შეცვენის“ შემდეგ, სემინარის მონაწილეებს „შეეშინდათ და ჩაგვიშალეს ღონისძიება, ეს არის დემოკრატიული?!“

ბეჟენცევის თანახმად, ერთადერთი, რაც „პროპაგანდად“ შეიძლება მიეჩნიათ, „დიდ სამამულო ომში საქართველოს მონაწილეობაზე საუბარი იყო,“ რაც, მისი თქმით, „პროპაგანდა არაა“.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები