LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა“ – როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს და ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

154
BeFunky-collage (6)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებისათვის მოსამზადებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის მზიანი დღეები ყველას განსაკუთრებულად კარგ განწყობაზე გვაყენებს, მნიშვნელოვანია, რომ ცხელ დღეებში ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას, რადგანაც მაღალი ტემპერატურა არცთუ ისე კარგად აისახება ჩვენს ორგანიზმზე.

?ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა.

?საქართველოში მრავალწლიანი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის წელიწადში აღრიცხული დიარეით გამოხატული დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი.

?საკვებთან და სასმელ წყალთან ასოცირებული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:

?წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი მაინც და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;

?სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება დადეზინფიცირდება;

?წყალსატევებში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი – ეს შეიძლება გახდეს დიარეით ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი;

?მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი კარგად უნდა შეწვით ან მოხარშეთ;

?ახლად მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ცხელად, ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს/წამოდუღდეს;

?არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

NCDC-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა.

 

რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?

 

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:

  • დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
  • გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სითბური გამოფიტვა;
  • სითბური დაკვრა.

ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

 

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:

  • 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები
  • გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
  • ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს?

 

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ  დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
  • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

თავი აარიდეთ სიცხეს

  • გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
  • თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას.
  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
  • დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
  • არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად

  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. 
  • იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?

 

  • ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან.
  • ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს.
  • თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.
  • თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
  • შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.
  • თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერნეტის საშუალებით.

ვრცლად რეკომენდაციებს გაეცანით NCDC-ის მიერ მომზადებულ სტატიაში https://cutt.ly/LJ6IEuK