ავიაბილეთებსა და სასტუმროებზე ღირებულება იმდენად გაზრდილია, რომ ქართველებისთვის ყველაზე მოთხოვნადი და ბიუჯეტური მიმართულება, თურქეთი – წელს აღარაა ბიუჯეტური, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა.
როგორც გოგა ქუცნიაშვილმა განმარტა, თურქეთში ფასები, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა მოთხოვნა მაინც მაღალია.
„მიმდინარე სეზონზე მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩაკეტილობისა და კოვიდრეგულაციების გამო, მოსახლეობა მონატრებულია მოგზაურობას, ამიტომაც წელს, 2019 წელთან შედარებით, მოგზაურობაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 70-75%-ითაა გაზრდილი”, – განაცხადა გოგა ქუცნიაშვილმა „საქმიან დილაში“ საუბრისას.