LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემოსული 971 საჩივრიდან, 807 დაკმაყოფილდა” – ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ანგარიში წარადგინა

72
Untitled design

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, გვანცა ჩხეიძემ სამსახურის 2020-2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სამსახურში შესული 971 საჩივრიდან, 807 დაკმაყოფილდა.

ანგარიშის პრეზენტაციაზე, ომბუდსმენმა შეაჯამა 2021 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული შემდეგი ღონისძიებები:

  •  2021 წლის საქმიანობის ანგარიში;
  • მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
  •  სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული გამოწვევები;
  • საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციები;
  • მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.

ანგარიშის მიხედვით, 2014 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში მზარდია მომხმარებელთა საჩივრებით მიმართვიანობა:

“გაზრდილი არის სამსახურში დაკმაყოფილებულ მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობაც.

ანგარიში მოიცავს ინფორმაციას სამსახურის მიერ გაცემული არაერთი რეკომენდაციის შესახებ, რომელიც იყო 400-ზე მეტი გასულ წელს.

ამ ორი წლის განმავლობაში სამსახურმა ჩაატარა 100-ზე მეტი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, უშუალო კომუნიკაცია დაამყარა სატელეკომუნიკაციო სფეროს 7 000-ზე მეტ მომხმარებელთან.

ანგარიში შეიცავს ინფორმაციას საჩივრების თემატიკის თაობაზე, წელს პირველი ადგილი უკავია დაზიანებას – მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ეს უკავშირდება სატელეკომუნიკაციო სფეროში მომსახურების მიწოდების პროცესში, როგორც ინტერნეტმომსახურების, ასევე სატელეფონო და ტელევიზიის ტრანზიტმომსახურების ფარგლებში დაზიანებებს.

რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენი მიზანია, სატელეკომუნიკაციო სფეროში უფრო და უფრო მეტი მომხმარებლის უფლება იყოს მაღალ დონეზე დაცული და ამ მიზნით, სამსახური არა ერთ პროექტს ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კუთხით.

სამსახური არის ორიენტირებული, რომ მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებული დავა დადებითად გადაწყდეს ჩვენივე ფარგლებში. ამ მიზნით, სამსახური რეკომენდაციებს გასცემს და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან შემოსული საჩივრების 90 % სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე სრულდება და გვყავს კმაყოფილი მომხმარებელი”, – განაცხადა ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანი ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები