LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-ე საუკუნის საუკეთესო სერიალები

2975
tv-seies

სერიალებით გატაცება 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა მოდური და არც დღეს კარგავს აქტუალურობას, რადგან მცირე ფორმატი ბევრად კონკურენტული და მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე მსხვილმასშტაბიანი კინოწარმოება. საერთო ტენდენციას მსოფლიო კინოს ვარსკვლავებიც შეუერთდნენ, რომლებიც შესაშური ენთუზიაზმით შეუდგნენ ერთ დროს ნაკლებად პრესტიჟულ ჟანრში მუშაობას და საკუთარი ნიჭის, არტისტიზმის წყალობით შექმნეს ნამდვილი შედევრები.

“პატრიკ მელროუზი” (Patrick Melrose, 2018, ედვარდ ბერგერი)

-გამონაკლისი არც ბენედიქტ კამბერბეჩი აღმოჩნდა, რომელსაც კოსტიუმირებულ დრამებსა და კლასიკურ ეკრანიზაციებში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მხოლოდ 2010 წელს დაუფასდა მონდომება, როცა ტელეეკრანზე არტურ კონან დოილის ცნობილი დეტექტივის ახალი და სრულიად განსხვავებული ვერსია “შერლოკი” გამოვიდა. კამბერბეტჩის მორიგ ხმაურიან პროექტად იქცა “პატრიკ მელროუზი”, რომელიც ბრიტანელი მწერლის ედვარდ სენტ- ობინის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა და მაყურებელს ახალგაზრდა ავანტიურისტის, ბრიტანელი არისტოკრატის ისტორია მოუთხრო ადრეული ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე.

მაცდუნებელი გულთამპყრობელის ერთდროულად დადებითი და უარყოფითი სახე თითქოს სპეციალურად კამბერბეტჩისთვის შეიქმნა, რომელმაც ჯერ კიდევ 2013 წელს გამოთქვა პროექტში მონაწილეობის სურვილი, მოგვიანებით კი, გადაღებების ინიციატორი გახდა და წამოწყების პროდიუსერობაც საკუთარ თავზე აიღო. მსახიობის ენთუზიაზმი გაიზიარა სერიალის სცენარისტმა დევიდ ნიკოლსმაც, რომლის განცხადებით, მელროუზის მასშტაბურ როლს მხოლოდ “ჰამლეტის მემკვიდრეობის” მსახიობი თუ გაართმევდა თავს.

“მოსმენა” (The Wire, 2002-2008, დევიდ საიმონი)

HBO და Blown Deadline Productions-ის ნამუშევარს კარგად იცნობენ როგორც სერიალის  მოყვარულები, ისე უბრალოდ კარგი კინოს დამფასებლები, რადგან რიგით მაყურებელთან ერთად ტელეპროექტმა უამრავი ცნობილი ადამიანი აღაფრთოვანა ემინემისა და ბარაკ ობამას ჩათვლით, რომელიც არა მხოლოდ ინტერესდებოდა, არამედ აქტიურად ციტირებდა სერიალს საკუთარ გამოსვლებში.

მართალია, თავიდან “მოსმენა” მხოლოდ ბალტიმორელი პოლიციელების რთული ცხოვრების მოთხრობად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეიტანით და ყურადღების ფილოსოფიურ საკითხებზე გამახვილებით, საიმონმა ბევრად სიღრმისეული ხასიათი შესძინა სერიალს, ძალადობის სცენების მაქსიმალური შემცირებით და დანაშაულთა დიდი ნაწილის კადრს მიღმა დატოვებით კი, ერთგვარ პასიურ მოწმედ აქცია მაყურებელი, რომელიც ვერ ხედავს, თუმცა პერსონაჟთა მონათხრობით გებულობს მის შესახებ.

ბევრი “მოსმენას” HBO-ს კიდევ ერთ პროექტს “სოპრანოს კლანს” ადარებს, რაც ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან სცენარის შექმნა ავტორებს სწორედ “სოპრანომ” შთააგონა, თუმცა, არა იმდენად სიუჟეტმა, რამდენადაც გამბედაობამ, რადგან მანამდე ყველა გაურბოდა ეკრანზე რეალური კრიმინალური სამყაროს ჩვენებას, პოლიციელების ნაკლოვანებების გახმაურება კი, საერთოდ მიუღებელი იყო.

 “ჰანიბალი” (Hannibal, 2013-2015, ბრაიან ფულერი)

ტომას ჰარისის რომანების სერიის მიხედვით შექმნილი ტრილერი უჩვეულო და მოულოდნელად საინტერესო პროექტი გამოდგა, რადგან ცნობილ ფსიქიატრსა და მანიაკზე – ჰანიბალ ლექტერზე შექმნილი ყველა წინამორბედის გამოცდილების გაზიარებით, აბსოლუტურად განსხვავებული სანახაობა შესთავაზა მაყურებელს.

სერიალის მთავარი გმირი გამოძიების ფედერალური ბიუროს საუკეთესო ანალიტიკოსი უილ გრემია, რომელსაც არაჩვეულებრივი ლოგიკა და უნიკალური აზროვნების უნარი ადამიანთა, მათ შორის გაუკუღმართებული ფსიქოპატების ფსიქოლოგიის, ინსტინქტების, მოტივების ამოცნობასა და დანაშაულის სურათის სრულად წარმოდგენაში ეხმარება. თუმცა, როცა გონიერ და მოხერხებულ მანიაკს დადევნებული გრემი აცნობიერებს, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს გახდება, დახმარებისთვის ცნობილ ფსიქიატრს, დოქტორ ჰანიბალ ლექტერს მიმართავს. მეწყვილეები ერთად ცდილობენ სასტიკი მკვლელის ამოცნობას და შეპყრობას, თუმცა არც ერთმანეთის არაორდინალური ბუნების და სიურპრიზებით სავსე შინაგანი სამყაროს გაცნობაზე ამბობენ უარს.

 “დიდი, პატარა ტყუილები”(Big Little Lies: Season, 2017, ჟან-მარკ ვალე)

მართალია, ამერიკულ სერიალთა უმეტესობა სრულად აიდეალებს დიდი ქალაქის პრესტიჟული გარეუბნების ცხოვრებას, მაგრამ ხშირად ეკრანზე ასახული აბსოლუტურად სცდება სასტიკ რეალობას. ტელესერიალი “დიდი, პატარა ტყუილები”, რომელიც 2017 წლის ყველაზე განხილვად ტელეპროექტად იქცა, სწორედ დამკვიდრებულ ტრადიციას არღვევს და ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრების ნაკლებად მიმზიდველ, მანკიერ მხარეს ააშკარავებს.

სხვათა შორის, სცენარი, რომელიც ლიანა მორიარტის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა, თავიდან ტელეფილმად იყო ჩაფიქრებული, თუმცა მოცულობითმა მასალამ HBO-ს, მაინც მრავალსერიან ფორმატზე აიძულა არჩევანის გაკეთება. მართალია, მაყურებელი სერიალის პირველსავე ეპიზოდში ხდება საქველმოქმედო წვეულებაზე მომხდარი მკვლელობის მოწმე, მაგრამ მსხვერპლის და მკვლელის ვინაობას მხოლოდ ბოლო ეპიზოდში არკვევს, მანამდე კი, ქალაქის იმ ბინადართა მონაყოლით კმაყოფილდება, რომლებიც გატაცებით მოუთხრობენ სამართალდამცავებს მკვლელობამდე მომხდარ მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ფილმის მოქმედება მხოლოდ რამდენიმე თვეს მოიცავს და იმ ხუთი მეგობრის პრობლემებით დატვირთულ ცხოვრებას აღწერს, რომლებიც თავისდაუნებურად ებმებიან იდუმალებით მოცულ მკვლელობაში. ეპიზოდების სიმცირის მიუხედავად, სერიალმა მაინც შეძლო საინტერესო, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟების თავმოყრა და მათი ისტორიის სრულფასოვნად მოთხრობა.

 “ჩერნობილი” (Chernobyl, 2019, იოჰან რენკი)

რა თქმა უნდა, ჩერნობილის საზარელ მოვლენებზე მანამდეც უამრავი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, თუმცა ბოლო წლების ნამუშევრებს შორის სწორედ ამერიკელების და ევროპელების პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებული რეალისტურობით, რადგან ავტორები აქცენტს არა იმდენად კატასტროფაზე, რამდენადაც მის შედეგებზე აკეთებენ და ისტორიასაც განსხვავებული სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების – ჩინოვნიკების, მაღალი თანამდებობის პირებისა და რიგითი მოქალაქეების ისტორიების ფონზე ჰყვებიან.

სერიალზე მუშაობას HBO 2017 წელს შეუდგა და ყველასთვის მოულოდნელად მთელი ორი წელი გააგრძელა, გადაღებები მეტწილად ლიტვაში მოეწყო, რომელიც საბჭოთა ეპოქაში აშენებული შენობების და შესაბამისი ლოკაციების, ამასთანავე, ჩერნობილის ელექტროსადგურის “უმცროს დად” წოდებული ინგალინის ატომური ელექტროსადგურის წყალობით შეირჩა, ფინალური ეპიზოდები კიევში დაიდგა, მიტოვებული ქალაქის – პრიპიატის როლი კი, ვილნიუსის გარეუბანმა შეასრულა.

პროექტის განხორციელება არაჩვეულებრივმა ჯგუფმა ითავა ამერიკელი სცენარისტის კრეიგ მაზინის და შვედი რეჟისორის იოჰან რენკის ხელმძღვანელობით. მართალია, მაზინი მანამდე მხოლოდ კომედიებზე მუშაობდა, რენკი კი, მუსიკალურ კლიპებს დგამდა, მაგრამ ახალ და აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრში მუშაობა ორივესთვის საინტერესო და მეტად წარმატებული აღმოჩნდა. ცნობილი ვარსკვლავები გააერთიანა სამსახიობო დასმაც, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერლინის კინოფესტივალის პრიზიორი სტელან სკარსგარდი – საბჭოთა ფუნქციონერის ბორის შჩერბინას როლში, ბრიტანელი მსახიობი ჯერარდ ჰარისი, რომელმაც ქიმიკო ვალერი ლეგასოვი განასახიერა და “ოსკარის” ორგზის ნომინანტი ემილი უოტსონი – ბელორუსი ფიზიკოსის ულიანა ხამიუკის როლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები