„დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, ბიზნესასოციაციების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესასოციაციები აღნიშნული განცხადებით კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას და აფიქსირებენ აზრს, რომ საქართველო ევროპის ნაწილი და ევროპული ქვეყანაა.
ივა ჭყონიას განმარტებით, თუ საქართველომ ისტორიული შანსი, ხელიდან გაუშვა, ამას ჩვენი მომავალი თაობა არ გვაპატიებს, რადგან ასე ახლოს საქართველო ევროპასთან არასდროს ყოფილა.
რაც შეეხება მოლოდინებს, ივა ჭყონია ფიქრობს, რომ ევროკავშირის პასუხი საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დადებითი იქნება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის არის ევროპასთან დაახლოება, ევროპასთან ინტეგრირება და ევროკავშირის წევრობაა. ევროკავშირის წევრობა, რატომღაც აღქმული იყო, მხოლოდ სავიზო რეჟიმის გახსნასთან დაკავშირებით და ეს გაცილებით უფრო მეტ შესაძლებლობას, სტაბილურობას და ქართველი მწარმოებლებისთვის და ფერმერებისთვის კიდევ უფრო მეტი ბაზრის აღმოჩენას ნიშნავს.
ვფიქრობ, რომ ეს არის ის შანსი, რომელიც რეალურად გვეძლევა ჩვენ ამ კრიზისულ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს ახორციელებს.
ბიზნესასოციაციებმა, ევროპულ-ქართული საბჭოს თაოსნობით გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად მივმართოთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს და ჩვენი მესიჯი გავუგზავნოთ, რომ ბიზნესასოციაციები, რომლებიც ასობით კომპანიას აერთიანებს, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა. ამისთვის ნამდვილად ვართ მზად.
რაც უფრო მეტად აიმაღლებს ჩვენი ერი ხმას, როგორც მოქალაქეები, აგრეთვე ბიზნესი, ძალიან დიდი იქნება შანსი იმისა, რომ დაგვინახონ.
ბიზნესასოციაციები აქტიურად გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ მთავრობასთან ერთად ჩავერთოთ იმ პროცესების მართვაში, რომლებიც ევროპასთან დაახლოებას სჭირდება.
როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსისთვის გამოგზავნილი კითხვარის შევსებაზე მიმდინარეობდა, მაშინვე მივმართეთ ბიზნესასოციაციებმა მთავრობას, რომ გვქონდა მზაობა ჩავრთულიყავით უფრო აქტიურად ამ პროცესში და დავხმარებოდით კითხვარის შევსებაში. ვფიქრობ ძალიან კარგი იქნებოდა, რაც უფრო მეტი არასამთავრობო და ბიზნესასოციაცია იქნებოდა ჩართული და გარკვეულწილად პასუხისმგებლობას მხოლოდ მთავრობა არ აიღებდა.
ბიზნესასოციაციებმა აღნიშნული განცხადებით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა და ვაფიქსირებთ აზრს, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ევროპული ქვეყანა და მნიშვნელოვანია ბიზნესის ხმა ასე დამოუკიდებლად გაიგოს ევროპამ.
ისტორიული შანსი, თუ ხელიდან გავუშვით, ამას ჩვენი მომავალი თაობა არ გვაპატიებს. ასე ახლოს ჩვენ ევროპასთან არასდროს არ ვყოფილვართ.
თუ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა, ეს ბიზნესისთვის გაცილებით უფრო რთული იქნება და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს მთავრობას. ბიზნესისთვის ეს ისეთი მარტივი არ იქნება, როგორც ეს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ხდება.
ჩემი პირადი მოლოდინი დადებითი და პოზიტიურია. არც კი ვფიქრობ, რომ ამაზე უარი გვითხრან. მთელი ჩემი შვილების და ბიზნესის მომავალი აგებული მაქვს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი.
თითოეული ადამიანის ძალისხმევა კიდევ უფრო მეტად დაანახვებს ევროკავშირს, რომ რაღაც განაცხადის შეტანა არ არის, ეს არის ქართველი ერის მკაფიო სურვილი, რომელსაც გამოხატავს ყველა სექტორი. ევროპის ოჯახში გაერთიანება ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს“, – აცხადებს ივა ჭყონია.