LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ჩვენი 7 მოქალაქე, აფხაზეთის მიმართულებით 1 მოქალაქე: ახვლედიანი

97
Untitled design

ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში ცხინვალის რეგიონში საქართველოს 7, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მოქალაქე რჩება.

ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათი გათავისუფლებისთვის მუშაობა გრძელდება:

“ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, რაც სხვა უწყებებთან ერთად ჩვენი საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.

ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა შესაბამის ფორმატში. დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ჩვენი 7 მოქალაქე, აფხაზეთის მიმართულებით 1 მოქალაქე.

ამ თემებზეც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. მათი მდგომარეობის თაობაზე კომუნიკაციის უმთავრესი საშუალება არის ევროკავშირის სადამკვირვებლო ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი, ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ჩვენი ინტენსიური კომუნიკაცია. 7 ივნისს გაიმართება IPRM- ის მორიგი სხდომა ერგნეთში, სადაც კიდევ ერთხელ მთელი სიმწვავით დაყენებული და განხილული იქნება ეს თემა, გავაგრძელებთ კონსოლიდირებულ ძალისხმევას, რომ უახლოეს დროში ჰუმანიტარულ ჭრილში, მოხდეს მათი გათავისუფლება”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმითვე, კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფოს ჩართულობისა და შერიგების დეპოლიტიზირებულ, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის შემდგომი განხორციელების გზებზე ისაუბრეს.

ახვლედიანის განცხადებით, განიხილეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე პროგრამაც, რომელიც ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებასა და მათი ოჯახების თანადგომას უკავშირდება.