LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ძირითადი საკვები პროდუქტი, რომელთა რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტზე საქართველო ყველაზე მეტადაა დამოკიდებული

202
Untitled

PMCG კვლევითი ცენტრი ასახელებს 3 ძირითად საკვებ პროდუქტს, რომელთა რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტზე საქართველო ყველაზე მეტადაა დამოკიდებული.

„სურსათის გლობალურ ბაზარზე რუსეთისა და უკრაინის როლისა და ძირითადი საქონლის იმპორტზე საქართველოს მაღალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ საქართველოს სასურსათო ბაზრის დამოკიდებულება რუსეთსა და უკრაინაზე. ამ გამოცემაში ჩვენ გავაანალიზებთ 3 ძირითად საკვებ პროდუქტს, რომელთა რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული საქართველო. 2018 წელს რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტმა საქართველოს მთლიანი შიდა მარაგის 75.3% შეადგინა, ხოლო იმავე წელს მზესუმზირის ზეთის იმპორტმა შეადგინა საქართველოში მზესუმზირის ზეთის მთლიანი შიდა მარაგის 92.2%3 .

რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტის დინამიკაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ხორბლის იმპორტი უკრაინიდან საქართველოში ხორბლის მთლიანი იმპორტის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებდა (წლიურად საშუალოდ 0.6%), ხოლო რუსეთი (86.1%) საქართველოს მთავარი პარტნიორი იყო ხორბლის იმპორტში, რაც შესაძლოა აიხსნას უკრაინის ფასთან შედარებით (0.32 აშშ დოლარი/კგ) რუსეთიდან ხორბლის იმპორტის დაბალი ფასითა (საშუალო წლიური ფასით 0.24 აშშ დოლარი/კგ) და რუსეთიდან ტრანსპორტირების შედარებით დაბალი ხარჯით. 2012 წლიდან 2017 წლამდე რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის იმპორტში სტაბილურად იზრდებოდა, რასაც მოჰყვა ვარდნა 2018-2019 წლებში რუსეთში დაბალი მოსავლიანობისა და გაზრდილი ფასების გამო. შედეგად, საქართველოს ხორბლის იმპორტში ახალი მოთამაშე, ყაზახეთი, გამოიკვეთა. მას შემდეგ რუსეთიდან ხორბლის იმპორტის ფასებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა და 2022 წლის პირველ კვარტალში მაქსიმუმს (0.33 აშშ დოლარს/კგ) მიაღწია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს 2021 წლის ივნისიდან რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო ტარიფების დაწესებითა და ომის ეკონომიკური შოკით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის წილი კვლავ მაღალია და 2020 წელს მაქსიმუმს – 99.5%-ს მიაღწია.

მეორე მხრივ, 2012 წელს უკრაინა იყო ხორბლის ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა (საქართველოს ხორბლის ფქვილის მთლიანი იმპორტის 91.8%), თუმცა ის მალე ჩაანაცვლა რუსეთმა, რაც, ასევე, შეიძლება აიხსნას რუსეთიდან იმპორტის შედარებით დაბალი საშუალო ფასებით 2013-2015 და 2018-2021 წლებში. ამრიგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის წილი ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში იზრდებოდა და 2022 წლის I კვარტალში ხორბლის ფქვილის მთლიანი იმპორტის 98.3%-ს მიაღწია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად (18.6%-ით) შემცირდა, ხოლო, ხორბლის ფქვილის იმპორტი რადიკალურად გაიზარდა (343.6%-იანი წლიური ზრდა). შესაბამისად, რუსეთის მიერ ხორბლით ვაჭრობაზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, რუსული ხორბლის ფქვილის იმპორტმა მეტწილად ჩაანაცვლა რუსული ხორბლის იმპორტი.

უკრაინის წილი მზესუმზირის ზეთის მთლიან იმპორტშიც მცირდებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ხოლო რუსეთის წილი იმპორტში სტაბილურად იზრდებოდა 2012 წლიდან 2020 წლამდე და 2020 წელს 89.2%-ს მიაღწია. ეს, ასევე, შეიძლება აიხსნას იმით, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ზეთი გამოირჩეოდა შედარებით დაბალი ფასით (საშუალოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზესუმზირის ზეთის ფასი იყო 1.12 აშშ დოლარი/კგ) უკრაინასთან შედარებით (1.18). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის I კვარტალში, რუსეთიდან ექსპორტზე ფასების შემცირების მიუხედავად, რუსეთიდან იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის წილი მთლიანი იმპორტის 66.4%-მდე შემცირდა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ომის ეკონომიკური შოკითა და რუსეთის მიერ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო ტარიფების დაწესებით6 .

ბოლო ათასწლეულის ჯამური იმპორტის ანალიზი ასევე გვიჩვენებს რუსეთზე მაღალ დამოკიდებულებასა და სასურსათო იმპორტის ბაზრის მაღალ კონცენტრაციას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხორბლის შემთხვევაში, რადგან ხორბლის იმპორტის 81% რუსეთიდან მოდის, რასაც მოსდევს ყაზახეთი 16%-ით. ხორბლის ფქვილის იმპორტის უმეტესი ნაწილი, ასევე, რუსეთზე მოდის (75%), რასაც მოსდევს უკრაინა (18%). მზესუმზირის ზეთის იმპორტის შემთხვევაში 62% რუსეთიდან მოდის, რასაც მოსდევს უკრაინა (30%) და აზერბაიჯანი (7%). აღნიშნული პროდუქტების ბაზრებზე დივერსიფიკაციის ნაკლებობის გათვალისწინებით, საინტერესოა ამ პროდუქტების ზოგიერთი ძირითადი გლობალური ექსპორტიორის ხსენებაც. FAOSTAT-ის მიხედვით, აშშ და კანადა მოსდევს რუსეთს, როგორც უმსხვილესი ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, თუმცა, ლოგისტიკური საკითხების გამო, სხვა მსხვილი ექსპორტიორები შეიძლება უფრო აქტუალური იყოს საქართველოსთვის, მათ შორის ყაზახეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი და უნგრეთი. ხორბლის ფქვილის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა თურქეთი, რომელსაც მოჰყვება ყაზახეთი. ორივე მათგანი შესაძლოა საინტერესო იყოს საქართველოს ბაზრისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, მზესუმზირის ზეთის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა. თუმცა, მიუხედავად თურქეთის, როგორც სავაჭრო პარტნიორის მიმზიდველობისა, ადგილობრივი ბაზრის პირობების სტაბილიზაციის მიზნით, მან 2022 წლის მარტში დააწესა დროებითი საექსპორტო შეზღუდვები საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის მარცვლეულსა და ზეთზე“, – ნათქვამია PMCG კვლევითი ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები