მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
სამედიცინო ცენტრ “ვივა მედის” დატოვების შემდეგ მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
“მე რასაც ვიტყვი, იმას ექიმებს არ უჯერებენ და ჩემგან დაიჯერებენ? ძალიან სერიოზულად ავად არის. ჩაი დამალევინა, რამდენიმე ანეკდოტი მოვუყევი. მე მგონი, სასწრაფოდ წასაყვანია, თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენ თავზე დავიდეთ – მერე რაც მოხდება, უკვე გვიანი იქნება, დედა შვილს არ აიყვანს”, – განაცხადა კიკაბიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სურს, უკრაინის პრეზიდენტს მიმართოს და სთხოვოს, ოფიციალურად გამოთქვას საკუთარი აზრი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე.
“თუ გავედი ტელეფონზე, მინდა, ვთხოვო პრეზიდენტ ზელენსკის – რა დღეში არიან იქ, ხომ წარმოგიდგენიათ – რომ მან ტელევიზიითაც ოფიციალურად თქვას თავისი აზრი მიშას გადაყვანაზე.
მინდა, ვუთხრა ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს მიშას ავადმყოფობასთან დაკავშირებით და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. (ნიკა, მინდა მოგიკითხო და მაგრად გაკოცო)”, – განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს სააკაშვილის გაშვების გადაწყვეტილება თუ არა, კიკაბიძე პასუხობს:
აბა ვინ უნდა მიიღოს? მაგრამ, აბა სად არიან? ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მაგას ახლა თავისი პრობლემები ეწყება, ძალიან სერიოზული. სჯობს, თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაემხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს.
ამიტომ, მგონია, თუ კიდევ რამე აქვთ დარჩენილი ადამიანობის – გაუშვებენ, მე საერთოდ კარგი ფეხი მაქვს.
ნებისმიერ დროს, საქართველოს დიდი ნაწილი თავდებში ჩაუდგება მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.