LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორის განცხადებით, დაკავებული ძმები კაკულიები იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის პერიოდში, ჯერ დადგენილი არ არის

370
Untitled design (4)

“იმყოფებოდნენ თუ არა ძმები, დავით და გუგა კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის პერიოდში საქართველოში, ჯერ დადგენილი არ არის”, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი, მათთვის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალის დამძიმებას გამორიცხავს

თამარ ყულჯანიშვილის თქმით, კაკულიებმა, რომლებსაც დღეს პატიმრობა შეეფარდათ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ დაახლოებით, 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდში გადმოკვეთეს.

კითხვაზე, რამდენჯერ გადმოკვეთეს მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია უცნობია:

“ჩვენ გითხარით სავარაუდო პერიოდი, ისინი საქართველოში როდის შემოვიდნენ, ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ. გამოძიება გრძელდება, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაძლო სხვა პირებთან დაკავშირებით”, – თქვა პროკურორმა.

საქმის პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ კაკულიების ამოცნობა ფოტოსურათით მოხდა:

“რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ როგორ გავედით ბრალდებულების კვალზე და ა.შ. საქმის დეტალებში და მტკიცებულებებში ვერ შევალ. აქ საუბარია, როგორც ფაქტის შემსწრე მოწმეების გამოკითხვებზე, ასევე ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობებზე, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებზე, ასევე დათვალიერების ოქმებზე, რომელიც შესაბამისობაშია ძირითადი მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებთან. როცა კონკრეტულმა პირებმა ისინი დაინახეს, მათ ამოსაცნობად საკმარისი ნიშნები ჰქონდათ. ერთ-ერთი პირი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბრალდებულები ამგზავრა”, – თქვა ყულჯანიშვილმა.

შეგახსენებთ, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

გამოძიება გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებითაც.

ძმებ კაკულიებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები