“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის მომსახურება ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი და ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს:
“საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. არავითარი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს. 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა.
თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში დაახლოებით 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული და მათ შორის, მიზეზი არის ისიც, რომ ჯანდაცვის მომსახურება ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი.
იმას რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ კლავდნენ 150 პატიმრიდან მინიმუმ ნახევარს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ 12-ჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიუთითებს იმას, რომ ჯანდაცვის მომსახურება ამ დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი.
შესაბამისად, ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის. აქედან გამომდინარე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ზუსტად ისეთივე მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე სხვა 9500 პატიმარს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ.