საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში იქნება დასკვნა, რომელსაც კომისია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამზადებს.
როგორც ჰარცელი აღნიშნავს, ამის შემდეგ გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში მიიღებენ:
“ველოდები, რომ კომისიის დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები წევრ სახელმწიფოებს შორის და გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ ერთი თვის ვადაში მოხდება.
მე არ მსურს ამ შეფასების შედეგზე – ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე სპეკულირება და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები თუ უფრო მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია და ეს არის ის, რომ დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე, დროა, რომ სერიოზულად და მდგრადად განახორციელოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის”, – თქვა ჰარცელმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს:
“ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაგეხმაროთ, ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში წარმატების მიღწევაში იმის მიუხედავად, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და ჩვენ გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!“ – აღნიშნა ელჩმა.