LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ივან ლინსის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა

112
fortuna

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გრემის მუსიკალური ჯილდოს მრავალგზის მფლობელის, ბრაზილიელი კომპოზიტორის, მომღერლისა და პიანისტის ივან ლინსისა და მისი ბენდის, ასევე, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. ფესტივალის დახურვას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
ივან ლინსის მუსიკა უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მას ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯორჯ ბენსონი, ბარბრა სტრეიზანდი, პატი ოსტინი, სერხიო მენდესი, სტინგი, მანჰეტენ ტრანსფერი, თეიქ სიქსი და მრავალი სხვა. 2016 წელს ივან ლინსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მუსიკოსებთან ერთად, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში კონცერტი გამართა.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით 8-22 მაისს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები. ფესტივალი თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. სოლისტები: ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, დათო ნოზაძე და გედევან ჯინჭარაძე. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. ფესტივალის ფარგლებში მსმენელმა მოისმინა ცნობილი ბრაზილიელი მომღერლის პაულა მორელენბაუმისა და მისი კვარტეტის, ასევე, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულისთვის არის განკუთვნილი. პირველი ფესტივალი ცნობილი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ტრადიციულად, ფესტივალი ყოველ წელს იმართება და მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზე. სხვადასხვა წლებში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფესტივალში მონაწილეობა მიღებული აქვთ მსოფლიო ვარსკვლავებს: The Manhattan Transfer, New York Voices, TAKE 6, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group, Dee Dee Bridgewater, Janoska Ensemble. ამასთან, ფესტივალი აქტიურად ეწევა ქართული მუსიკის პოპულარიზაციას და მსმენელს სთავაზობს საინტერესო პროექტებს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები