მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები გლდანი-ნაძალადევის რაიონული პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ.
მათი განცხადებით, სწორედ ამ განყოფილებაში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა მოძრაობის დირექტორს – გიორგი მჟავანაძეს.
ადგილზე იმყოფებოდა თავად მჟავანაძეც.
აქტივისტების განცხადებით, მათ ამ ფორმით სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი ძალადობა გააპროტესტეს. აქტივისტები სამმართველოს უფროსთან შეხვედრას ითხოვენ.
“ვითხოვ მათ ხელმძღვანელთან შეხვედრას, რადგან უკვე ერთი კვირაა, ჩემზე განხორციელებული ძალადობის შესახებ გახმაურდა და ამის შესახებ არანაირი ზომა არ მიუღია ამ განყოფილების უშუალო ხელმძღვანელს, დავით წაქაძეს”, – თქვა გიორგი მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, მოძრაობა “სირცხვილიამ” 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობის დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციელებმა დააკავეს და ბორკილებდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოგვიანებით დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში თავად მჟავანაძემაც დაწერა.