“ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება – ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა – მთლად საოცრებაა ! კარგია მუსიკალურ საკრავებთან შეხებაც,” – ამის შესახებ ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც სკოლებში, 1-ელი კლასიდან ჭადრაკის შესწავლის ინიციატივას ეხმაურება.
როგორც ცირამუა აღნიშნავს, რაც უფრო მეტი რამ გამოსდის ბავშვს საკუთარი ხელით, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი.
“ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება – ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა – მთლად საოცრებაა ! კარგია მუსიკალურ საკრავებთან შეხებაც.
რაც უფრო მეტი რამე “გამოსდის ხელიდან”, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია, ბავშვი სწავლობს ყოფნას – პროცესზე ორიენტირებას…
ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს! უნდა სხვებს აჯობოს! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ – ამ მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ,” – წერს მაია ცირამუა.