მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციელებმა 17 მაისს დააკავეს ბორკილებდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გიორგი გუშინ გაათავისუფლეს. როგორც მან „ფორტუნას უამბო, 48 საათიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და 18 მაისს გათავისუფლდა.
გიორგი სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა მოვყვე ჩემი დაკავების შესახებ, რადგან ვიცი, რომ ეს ამბავი სცდება ჩემს პირად შემთხვევას, სისტემური სახე აქვს და გარდა ამისა, ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნაა, რომ დეტალურად აღვწერო ის, რაც მათ უკვე იციან. ცოტა გრძელი საკითხავი გამოვა, მაგრამ სხვანაირად აზრიც არ ექნება ამის მოყოლას.
ჩემზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს 17 მაისს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების ფოიეში (ე.წ. კიკვიძის პარკის კუთხეში მდებარე). ამიტომ დავიწყებ იმით, საერთოდ როგორ მოვხვდი განყოფილებაში და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები:
პოლიციამ გიორგი მჟავანაძე დააკავა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: მოძრაობა სირცხვილია
ეს ხდებოდა პოლიციის განყოფილების პირველ სართულზე.
15 მაისს დამირეკა პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც იმ დროს საკუთარი სახელი მითხრა, თუმცა სახელებს კარგად ისედაც ვერ ვიმახსოვრებ და გარდა ამისა, არც ჩამითვლია საჭიროდ რომ უნდა დამემახსოვრებინა მისი სახელი, რადგან წესით ერთჯერადად უნდა შევხვედროდი – მითხრა, რომ ჩემს სახელზე წერილია პოლიციის განყოფილებაში და მთხოვა, მივსულიყავი რომ ჩამებარებინა. ვუთხარი რომ მივაკითხავდი, როგორც კი მოვახერხებდი.
აქვე მოკლედ ვიტყვი, რა წერილი უნდა ჩამბარებოდა – 7 მარტს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დამაკავა პოლიციამ. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებული იყო. შესაბამისად, მეც, როგორც მოძრაობის წევრი და ამასთანავე აღმასრულებელი დირექტორი, მუდმივად ჩართული ვარ აქციის ორგანიზების პროცესში. აქცია, ერთი შეხედვით, მშვიდობიანად დასრულდა, ორგანიზატორები როგორც წესი ველოდებით ხოლმე ხალხის დაშლას და შემდეგ მივდივართ ადგილიდან. როგორც კი ხალხის ძირითადი ნაწილი დაიშალა, მოშორებით მანქანა მეყენა და წავედი მანქანის მოსაყვანად, რათა უკრაინის დიდი დროშა და გარვეკული ინვენტარი ჩაგვეწყო და წაგვეღო აქციიდან.
მოვბრუნდი მანქანით კანცელარიის ტერიტორიაზე (სადაც აქცია გაიმრთა) გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და ვხედავ რომ თავგამოდებით აკავებენ ჩემს მეგობრებსა და აქციის მონაწილეებს. ერთი კითხვა მოვასწარი მეკითხა პოლიციელისთვის, რისთვის აკავებთ ხალხს რა მოხდა მეთქი. პასუხი არ გაუცია. თან ვუახლოვდებოდი დაკავებების ეპიცენტრს, რომ რაიმე გამერკვია.
ამ დროს დამინახა კახა ფოჩხუამ (მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე) და ხმამაღლა დაუძახა პოლიციელებს: „დააკავეთ, ვიპოვე“. თურმე როგორც შემდეგ გაირკვა, ყველა ორგანიზატორის დაკავების ბრძანება ჰქონდათ მიღებული. მე დროულად ვერ მნახეს რადგან მანქანის მოსაყვანად გავედი და ჩემი პოვნით გახარებულმა კახამ არხეინად დამაკავა. ამის შემდეგ იყო სასამართლო პროცესი, რომელზეც ცრუ მოწმემ ცრუ ჩვენება მისცა, არავითარი ვიდეომკტიცებულება არ წარმოუდგენიათ, დამაბრალეს რომ ვიგინებოდი და წინააღმდეგობას ვუწევდი, როცა სიტყვის თქმაც კი ვერ მოვასწარი და ამავდროულად ჩემით ჩავუჯექი მანქანაში პოლიციას. აღდგენილი სამართლიანობის სახელით 2800 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა გამომიწერა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ.
სწორედ ეს ჯარიმა და სასამართლო დადგენილება უნდა ჩამბარებოდა და მის ასაღებად დამიბარეს პოლიციაში. აქვე ვიტყვი, რომ უცნაური გარემოება ისიცაა, რომ პოლიციას დაევალა ჩემთვის დადგენილების ჩაბარება. როგორც წესი, ფოსტას 2 თვე აქვს ვადა რომ ჩამაბაროს და თუ ვერ შეძლებს ამის შემდეგ გადაეცემა პოლიციას ამანათი. დადგენილების მიღებიდან 1 თვეც არ არის გასული. დადგენილების ჩასაბარებლად არც მოსულან ფოსტიდან და არც სტიკერი დამხვედრია, რომ ამანათის ჩაბარება სცადეს. ამაზე ცალკე გამოვითხოვთ საქართველოს ფოსტიდან ჩემს სახელზე უკუგზავნილების ისტორიას.
17 მაისამდე განყოფილებაში მისვლა ვერ შევძელი. 17 მაისს დაახლოებით 17:00 საათისთვის, სახლიდან გავდიოდი და ვიფიქრე ბარემ ავიღებ წერილს პოლიციაში-მეთქი. ჩემი ბინიდან დაახლოებით 1 კილომეტრშია განყოფილება. დავურეკე პოლიციელს იმ ნომერზე, რომლიდანაც დამიკავშირდა. ვუთხარი, თუ ადგილზე ხართ, 5 წუთში მოვალ და ავიღებ მეთქი. დამიდასტურა, მოდი, გელოდებიო. მივედი მანქანა ბეჟანიშვილის ქუჩაზე გავაჩერე, გადმოვედი და კვლავ დავურეკე, მოვედი შენობაში შემოვდივარ-მეთქი. მიპასუხა, გასული ვარ ახლა და მალე მოვალო, მანდ მოსაცდელი სკამებია და დაჯექი დამელოდეო. კი გამიკვირდა 5 წუთის წინ მითხრა მოდიო და 5 წუთში გასული დამხვდა.
შევედი, არავისთვის არაფერი აღარ მიკითხავს, რადგან პირდაპირ ჩანდა მოსაცდელი სკამები, რომლებიც სრულიად თავისუფალი იყო და ჩამოვჯექი, დაველოდები-მეთქი.
ამ დროს მომიახლოვდა მორიგე პოლიციელი ანზორ გულია, რომელმაც თავიდანვე ამრეზით შემათვალიერა – ორჯერ ამხედ დამხედა. ვიგრძენი, რაღაც არ მოეწონა, ალბათ ჩემი ჩაცმულობა – თბილი ამინდი იყო, შორტები მეცვა, მწვანე მაისური და ფეხსაცმელი, კეპი მეხურა და მზის სათვალე მეკეთა. აშკარად უცხო სხეული ვიყავი შავებში გამოწყობილი პოლიციელებისთვის.
მეკითხება: „აქ რატომ დაჯექი?“, – ავუხსენი, ველოდები პოლიციელს, თვითონ დამიბარა, წერილი უნდა ჩამბარდეს, ესე მითხრა შედი და დამელოდეო და აქ ჩამოვჯექი-მეთქი.
ვერ მოვაწონე თავი და უკმაყოფილოდ მეკითხება ისევ:
– ვინ დაგიბარა?
– არ ვიცი ვიღაც პოლოციელმა დამირეკა.
– პოლიციელი შენი „ვიღაც“ არის? – უკვე აგრესიულად მპასუხობს.
– არ ვიცი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი მაქვს მხოლოდ და შემიძლია გაჩვენოთ.
– ადექი და გადი დროზე, გარეთ დაელოდე? – ხმის ტონს უწევს და მტუქსავს, ამასობაში სეირის მაყურებელი თანამშრომლები გვიახლოვდებიან.
– გარეთ რატომ დაველოდო? თვითონვე მითხრა რომ აქ მომეცადა და გარდა ამისა მოქალაქე ვარ, თქვენ არ გეკუთვნით მხოლოდ ეს შენობა, ხალხისაა და მაქვს უფლება აქ დაველოდო-მეთქი, – უკვე მეც გავღიზიანდი ისე მაგდებდა, პოლიცის განყოფილებიდან, პრინციპის ამბავიც გახდა რომ ესე ძაღლივით არ გავეგდე გარეთ.
– ტელეფონით აქ არ შეიძლება ყოფნა, – ახალი მიზეზი მოიგონა, ხელში ტელეფონი მეჭირა, შესვლის წინ რადგან დავურეკე პოლიციელს.
– შევინახავ ჯიბეში და დაველოდები, – ვეუბნები.
– არა, არ შეიძლება მობილური აქ საერთოდ, გადი გარეთ, – მპსუხობს.
– კარგი, ჩაგაბარებთ რამე საცავი თუ გაქვთ და ისე დაველოდები, – ვპასუხობ.
მარცხნივ პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტი იყო, დავით კანკავა, რომელიც გამოვიდა და ახლა მძიმე არტილერია ჩაერთო ჩემთან კაჩაობაში. გაშლილ ხელს მიტრიალებს ცხვირთან, დამამცირებლად, როგორც ქუჩაში გინახავთ, ან არ გინახავთ. გაუნძრევლად ვზივარ სკამზე. მეუბნება, რომ უზრდელი ვარ, „ვიღაც“ როგორ ვთქვი პოლიციელზე და გარდა ამისა, პოლიციელი, რომ მეუბნება გარეთ გავიდე, რატომ არ გადიხარო.
კვლავ ვუპასუხე იგივე, რაც წინა პოლიციელს და ვკითხე რატომ უნდა გავიდე-მეთქი.
იმიტომ რომ: „აქ არაფერში მჭირდები“, – მპასუხობს. თითქოს მე რამეში მჭირდებოდა იქ ყოფნა.
მოკლედ, რომ ნახეს რომ ფეხს არ ვიცვლიდი, შემოჯგუფებულმა შავმა პოლიციელებმა მომკიდეს ხელი მკლავებში და უხეში მოძრაობებით დამძრეს გასასვლელისკენ. წინააღმდეგობა საერთოდ არ გამიწევია, რადგან ფიზიკურად შემეხნენ უკვე, მეც გავყევი.
3-4 პოლიციელს ეკიდა ჩემზე ხელი, უკვე ვიგრძენი, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა როგორც საჭირო იყო, გარეთ როგორც კი გამიყვანეს, ჯიბეში ჩავიყავი ხელი, რომ ამომეღო მობილური და გადაღება დამეწყო. პოლიციელების ხელები არ მშორდება, მიუხედავად იმისა რომ გამაგდეს უკვე გარეთ და მობილური რომ ამოვიღე, ვეცადე დისტანცია დამეჭირა, რომ გადამეღო და მხრების მოძრაობით ვცადე რომ გამეთავისუფლებინა მათგან თავი.
არ მოეწონათ ჩემი მოძრაობა და ერთ-ერთი ამბობს: „რატომ არ აკავებთ?“ მეორემ არ დააყოვნა და დაიძახა დააკავეთო. ამ სიტყვის გაგონებისთანავე გააფთრებულები მეცნენ ისევ შიგნით შემათრიეს, ძირს დამაგდეს, სახე იატაკზე დამადებინეს. ვყვირი რომ, გემორჩილებით, წინააღმდეგობას არ გიწევთ და ასე ნუ მექცევით, ნუ მათრევთ-მეთქი. აზრი არ აქვს აგრძელებენ, ერთი კისერში მიჭერს, ერთი ცალ ხელს მიტრიალებს, მეორე მეორე ხელს, ძირს ვაგდივარ. ერთ-ერთს ჩემი ფეხი უჭირავს ხელში და გვერდულად ატრიალებს, სახსარში ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და ვღრიალებ ფეხი მომტყდება გამიშვით არაფერში არ გეწინააღმდეგებით-მეთქი. განაგრძეს ამ ფორმით დაკავება, თან ყველა მაგინებს ფანტაზიის შესაბამისად, გადამიჭირეს ზურგსუკან ძლიერად რკინის ბორკილები, კარგად რომ მეგრძნო ტკივილი.
წამომაყენეს, ჩემ უკან სკამი იდგა და უხეშად ჩამაგდეს ამ საკმში, უკან შეკრულ ჩემსავე ხელებს მივენარცხე და კარგად მოჭერილმა ბორკილებმა კიდე მეტად მომიჭირა. აგრძელებენ გინებას და ვიფიქრე, ეგ არის დამაკავეს. მაგრამ თურმე ეხლა იწყება ყველაფერი.
ჩემ წინ დგას დავით კანკავა და კიდევ ერთი სრული აღნაგობის დაახლოებით 195 სანტიმეტრის სიმაღლის პოლიციელი, დანარჩენი 5-6 პოლიციელი ირგვლივ მიდგას, ზოგი ზურგს უკან.
ამ კანკავას ჩემს სახესთან მოაქვს თავი, მთელი ზიზღით მაგინებს და მეუბნება: „პოლიციელზე „ვიღაც“ როგორ თქვი შე უზრდელო“ და მოულოდნელად მთელი ძალით გაშლილ ხელს მირტყამს სახეში. შოკი იყო, საერთოდ არ ველოდი, პოლიციის განყოფილებაში, დღისით, ფოიეში ხელებშეკრული ვზივარ და სახეში მირტყამს.
გვერდით ეს მსუყე პოლიციელი უდგას და ეხლა ის მეორე ლოყაში მირტყამს მთელი ძალით. შემდეგ ისევ ბატონი დავითი. თან მაგინებენ გამწარებულები. ხელები უკან მაქვს შეკრული, ვერც ვიფარებ სახეზე და მუხლი ავწიე, თავი დავხარე რომ სახე დამეფარა რამენაირად.
„ეს მუხლი ჩამოწიე შენი დედა მოვ..ან“ და იგივე, სახეში მთელი ძალით მირტყამენ. უკან ვიღაცები მედგნენ, იმათაც თავისი ხელი შემაწიეს, თავში ჩამარტყა ერთერთმა. თან მიმეორებენ – შე უზრდელო, ეხლა გეცოდინება რომ პოლიციელი „ვიღაც“ არ არისო. ერთ-ერთი შემოლაწუნება ყურთან მოუვიდათ და მარჯვენა ყურში უცბად ძალიან ძლიერი წუილის ხმა ჩამერთო და თითქოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად გამეყინა. ორი დღე მესმოდა წუილი, ეხლა ხან გადის ხან ბრუნდება. დაგუბებულის შეგრძნება მაქვს და ხმები სხვანაირად მესმის მარჯვენა ყურში, თითქოს ნაკლებად, ვატკაცუნებ აქეთ-იქით თითებს ვამოწმებ, მაგრამ ვერ ვიგებ ზუსტად სმენაზე იმოქმედა თუ არა.
ტკივილზე მეტად, შოკი მქონდა, რომ ესე ბნელოდა ამ ნათელ დღეს პოლიციაში. რომ იჯერეს გული რტყმით, შემდეგ უბრალოდ გინება და მუქარა განაგრძეს. ავწიე თავი ზემოთ და ეგრევე კამერებს დავუწყე ძებნა, ამის გამო ხომ ყველა უნდა დაიჭირონ-მეთქი. გამიკვირდა, რომ ვერ შევნიშნე ჩემს თავზე კამერები, არადა პოლიციის განყოფილების მიმღებში ვზივარ. ვიფიქრე, ალბათ იციან აქ კამერა არ უღებთ და იმიტომ გაბედეს-მეთქი.
ერთხელაც კი არ მიმიყენებია საპასუხოდ რაიმე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, არ გავჩერებულვარ, მუდმივარ ვუმეორებდი რომ მოძალადეები და სისიხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ. ვუხსნიდი ყველაფერს, რომ სულ უზრდელობა რომ გამომეჩინა, რაც თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულია-მეთქი. ეს მსუყე მუდმივად მემუქრებოდა, რომ კიდევ გცემთო და არ გავჩერდი და ბოლოს ამბობს, ეს გიჟია მემგონი აზრი არ აქვსო.
ოქმი სასამართლოში ვნახე და მიწერია, რომ მონებს ვუწოდებდი, ვაგინებდი და უწიგნურებსა და გაუნათლებლებს ვეძახდი. არცერთი სიტყვა და ფრაზა არ გამომიყენებია. უბრალოდ მგონია, რომ ჩემი საუბრიდან თავად გააკთეს შეუცნობლად დასკვნა, რომ უწიგნურები და გაუნათლებლები არიან.
მსუყე მეუბნება: „მე რომ მიყურებ, 14 წელია აქ ვმუშაობ, შენნაირებს ყლ…ე ვიხევ, მე ქურდიც ვარ, ძველი ბიჭიც და პოლიციელიც“. კარგი ცხოვრებით გიცხოვრია-მეთქი, სხვა რაღა უნდა მეთქვა.
ამის შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. ეს მსუყე გამუდმებით მიმეორებდა რომ თუ არ გავჩუმდებოდი ჩამიყვანდა ქვედა სართულზე და „პირში მომცემდა“. რაღაც მომენტში გადაეკეტა, ისევ გამოიქცა დასარტყმელად და ვიღაცებს ეყოთ გონება რომ შეეკავებინათ. მერე დაუძახა ვიღაცას, მიდი მიდი გამოიტანე რა გადავპარსოთ თავი ამ ნაბოზარსო. გამეცინა, საიდან გაუჩნდა საერთოდ ეგ იდეა, რომ თავი უნდა გადაეპარსა. მერე დააყოლა ყლესთანაც უნდა გაგპარსოო. ვახ მეთქი.. ანუ ჩემი ყლის გაპარსვის იდეა… დაუჯერებელი იყო.
მერე ისევ ეს კანკავა მოდის და მაგინებს და მეუბნება: „შე პიდარასტო, რანაირად გაცვია, ეგრე რო არ უნდა მოხვიდე პოლიციის განყოფილებაში არ იცი? ნახე რას გავხარ შე პიდარასტო, მიდი ერთი გადაუღე ფოტო რა რანაირია“, – ეუბნება პოლიციელებს, რომლებმაც წამომაგდეს ფეხზე დამაყენეს და გადამიღეს ფოტო. არადა მშვენივრად მეცვა.
როგორც კი ჩემს ცემას მორჩნენ მას მერე ვუმეორებდი, რომ 4 წლის შვილი მელოდება ბაღში და უნდა მივაკითხო გამოვიყვანო, ახალი შეყვანილი მყავს, დიდ ხანს ვერ ჩერდება ისედაც და გვიანია, უკვე იქ უნდა ვიყო და ინერვიულებს ბავშვი-მეთქი. ამიტომ დამარეკინეთ ჩემს ძმასთან რომ გავაგებინო, რომ დაკავებული ვარ და ბავშვთან მივიდეს რომ არ იტიროს, ყველა ბავშვი წავა და ამ დრომდე არასდროს არ ვტოვებ მეთქი.
დაახლოებით საათნახევარი ვუმეორებდი ამას და მპასუხობდნენ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულს ზარის უფლება არ გაქვს და „კაპეზეზე“ რომ გადაგიყვანენ იქიდან დარეკეო. საათნახევარი არ დავნებდი, ნელ-ნელა გამომკითხეს ბაღს რა ერქვა, სად მდებარეობდა და ა.შ. და რომ დარწმუნდნენ არ ვიტყუებოდი, ბოლოს ვიღაცას შეაწუხა სინდისმა და მოდი დავურეკოთ და შევატყობინოთო. ვუკარნახე ჩემი ძმის ნომერი, დაურეკეს, შენი ძმა დაკავებულია ბავშვს მიაკითხე ბაღშიო. ადვოკატთან რა თქმა უნდა არ დამარეკინეს, ამაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, მაგრამ ვიცოდი ისედაც ჩემი ძმა დაურეკავდა ადვოკატს.
უამრავი სიტყვიერი შეურაცყოფა მომაყენეს დასამცირებლად, რის მოყოლასაც აზრი არ აქვს, ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ საკუთარი ფანტაზიით. მემუქრებოდნენ, რომ ფორმის გარეშე მნახავდნენ და „დედას მომიტყნავდნენ“, შენი საცხოვრებელიც ვიცით და ადვილად გიპოვით, ვერსად დაგვემალებიო. კაი ჩემო ძმაო-მეთქი, თუ ეგეთი გადაწყვეტილი გაქვთ, რა გაეწყობა…
მოიყვანეს ყველაზე ახალგაზრდა, დაბნეული, მორიდებული, ერთი შეხედვით ყველაზე შტერი პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თავზე მეორე, „გამოცდილი“ თანამშრომელი ედგა და კარნახობდა ოქმში რა უნდა ჩაეწერა. ოქმი რომ ვნახე, სულ 4 წინადადება წერია ზედ, საათნახევარი რას ადგენდნენ ვერც ვხვდები. ოქმის შემდეგნი თანაშრომელი ჯონი სამხარაძე, საერთოდ არ მონაწილეობდა ჩემს დაკავებაში, თუმცა მას დაევალა „რატომღაც“ ოქმის შედგენა. რომ წერდა ვუთხარი ცრუ მოწმედ გიყენებენ, მოგიწევს სასამართლოში მოსვლა და ცრუ ჩვენების მიცემა და სისხლის სამართლის დანაშაულია მეთქი ეგ. შეცბა უცბად ზემოთ აიხედა, კამერები გადაამოწმა, რომ არაფერი იყო მშვიდად გააგრძელა კარნახის წერა. ამაზე მსუყემ ჩაიცინა: „ბიჭო უყურებთ ამ კრისას, რა დედამოტყნულია?“
მორჩნენ როგორც იქნა ოქმის წერას, ჩააბარეს ჩემი თავი 3 ახალგაზრდა პოლიციელს, პირად მანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორისკენ, ზაჰესში. უკანა სავარძელზე ვზივარ, აქეთ იქით მისხედან პოლიციელები, ვატყობ ესენი ცოტა დათრგუნული და შეწუხებულები არიან, მარჯვენა მხარეს მიზის ძალიან შეწუხებული ახალგაზრდა ბიჭი და ძლივს წამოილუღლუღა: „მე დაგირეკე, რომ მოსულიყავი“. გამეცინა, როგორც იქნა შეიკრა წრე. რა გქვია? შენი სახელი არ ვიცოდი და კი ნახე რაც მიქნეს მეთქი. ნიკაო, მიპასუხა, ოკ-მეთქი, ქულ. ბორკილები წინ გადმომიტანეს, პატივი მცეს, გააჩერეს მანქანა სადღაც, სიგარეტი მომაწევინეს, დაგიტოვებ სიგარეტსო ეს ნიკა მეუბნება, მაინც არ შემატანინებენ იზოლატორში, არ იდარდო, რადგან დაგეხსენით, მომხედავენ ჩემები-მეთქი. მიმიყვანეს იზოლატორში, ჩამაბარეს, იქ ყოვლეთვის სიწყნარეა, ცუდად არავინ დაგელაპარაკება და შეგეხება, რაც მე და ჩემს მეგობრებს გამოცდილება გვაქვს, ყოველშემთხვევაში. ციხე და დროებითი მოთავსების იზოლატორი (ე.წ. კაპეზე) სხვადასხვაა ისე. ნაციხარი არ ვარ.
მოკლედ, ეს იყო ჩემი დაკავების ისტორია და რატომ მოვყევი? ალბათ გახსოვთ ლუკა სირაძე, სკოლის მოსწავლე, რომელსაც გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი აღიარებით ჩვენებას სთხოვდა, ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ მის ოთახში, დაემუქრნენ ძმის სამსახურიდან გათავისუფლებით, დაამცირეს, ფსიქოლოგიურად იმოქმედეს. გამოვიდა ლუკა განყოფილებიდან და თავი მოიკლა. ჩოლოიანი საჩვენებლად დაიჭირეს სულ რაღაც 3 წლით და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ხანდახან დაუჯერებლად ჟღერს მსგავსი ისტორიები, მაგრამ ეს ისაა, რაც ჩემს თავზე გამოვცადე და ზუსტად ვიცი რა აქვს გავლილი ლუკას, რომელიც ჩემგან განსხვავებით იზოლირებულ ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი და რისი უფლება მისცეს თავს „პოლიციელებმა“ წარმომიდგენია. მე ზრდასრული ადამიანი ვარ, ასე თუ ისე მყარი ფსიქიკით, რამდენადაც ეს ჩვენს რეალობაში შესაძლებელია.
არც შიში მიგრძვნია, არც პირადად მიმიღა ამ პირუტყვების შურაცხყოფა და დამცირება, მაგრამ არ მგონია, ყველასთვის ასეთი მარტივი ამის გადალახვა. მე დიდი ხანია გაცნობირებული მაქვს, რის წინააღმდეგ მიწევს ბროლა და შეუძლებელია ძალადობით ჩემი დაშინება გამოუვიდეთ. მაგრამ იმ მსუყეს, რომელიც 14 წელია მუშაობს პოლიციაში, წარმომიდგენია რეები აქვს ჩადენილი.
ხოდა მაინტერესებს პოლიციელი გმირია?
ესენი გმირები კი არა, პოლიციელებიც არ არიან, ესენი სისტემის მორჩილი, ანგარიშვალდებულებისგან გათავისუფლებული, ძალაუფლებისგან გათამამებული, მართლა უწიგნური და გაუნათლებელი არაადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, რომ უბრალოდ გაგწირონ. ზუსტად ისეთები არიან როგორიც ამ სისტემას სჭირდება.
ჩვენ გვყავს გმირები, რომლებიც დღესაც იბრძვიან და იღუპებიან უკრაინაში საქართველოსთვის, უკრაინისთვის და თავისუფლებისთვის. ჩვენ გვყავს აგვისტოს ომის გმირები, კოჯრის გმირები და უამრავი სხვა, რომელთაც სხვათაშორის საერთოდ არ უნოდათ ომი, მაგრამ მონობას ომი არჩიეს.
ამიტომ ვიცოდეთ უკრაინის მიწაზე დაღუპული გმირების სახელები:
– დავით რატიანი
– ბახვა ჩიქობავა
– ნიკოლოზ შანავა
– გია ბერიაშვილი
– დავით გობეჯიშვილი
– დავით მენაბდიშვილი
– არკადი კასრაძე
– ალიკა ცაავა
– ზაზა ბიწაძე
– ტატო ბიგვავა
– რატი შურღარია
– ვიტალი ორბელაძე
ეს „პოლიციელები“ კიდევ მონები არიან თავიანთი „პატრონებივით“ და მათი სახელები და გვარებიც, იყოს აქ, რომ ადრე თუ გვიან პასუხი აგონ დანაშაულებისთვის:
– დავით კანკავა
– ზაზა ზურაბიშვილი
– ანზორ გულუა
– სოლომონ ლომსაძე
– ჯონი სამხარაძე
– გიორგი ჟორდანია“. – წერს გიორგი მჟავანაძე სოციალურ ქსელში.
როგორს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.