LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქმნებოდა ლეგენდარული „აზოვის“ ბატალიონი, რას ჰყვება ერთ-ერთი დამფუძნებელი – “80 დღე, ფაქტობრივად მშივრებმა გავატარეთ, დღეში ერთხელ ვჭამდით ერთ ჭიქა წვნიანს”

402
აზოვსტალ2

ბატალიონ „აზოვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ქუფარაშვილმა zn.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რატომ არ შეიძლება დამარცხდეს „აზოვის“ პოლკი.

ინტერვიუში გიორგი ქუფარაშვილი საუბრობს იმ შეცდომებზეც, რაც იქნა დაშვებული ომამდე და ომის პერიოდში, მათ შორის ხელისუფლების მიერ.

გთავაზობთ ქუფარაშვილთან ინტერვიუს მცირე ნაწილს.

„არ მინდა, ვინმე მკარნახობდეს, რომელ წინამძღვართან და რომელ მავზოლეუმში ვილოცო. მე გავაკეთე არჩევანი და მზად ვარ, ვიბრძოლო მისთვის.

ჩვენ სამხედროები ვართ, შევასრულეთ ჩვენს წინაშე დასახული ამოცანები. თუმცა უპასუხოდ რჩება კითხვა, რატომ შემოვიდნენ რუსები ასე სწრაფად ხერსონისა და ბერდიანსკის გავლით?
მარიუპოლში შემოსევიდან ფაქტობრივად მეორე დღეს შუქი და წყალი შეწყდა.

შემდეგ, აფეთქების საშიშროების გამო გაზიც გაითიშა.

ქალაქი ქაოსმა მოიცვა. ხალხმა მაშინვე დაიწყო მაღაზიებიდან ყველაფრის გატანა. წარმოგიდგენიათ, როგორია, როცა ნახევარმილიონიანი ქალაქი მასობრივ ძარცვას იწყებს? მე პირადად ვნახე პოლიცია, რომელიც ცდილობდა ხალხის შეჩერებას. მაგრამ რამდენი პოლიციელია?

ქალაქი უზარმაზარია. თითოეულ სამხედრო ნაწილს აქვს სტანდარტული მარაგი საბრძოლო მასალის, საკვების და ა.შ. მალე ლოგისტიკური საწყობები გავხსენით და ყველაფერი მშვიდობიან მოსახლეობას დავურიგეთ.

სამხედრო თავდაცვის 80 დღე, ფაქტობრივად, მშივრებმა გავატარეთ – დღეში ერთხელ ვჭამდით ერთ ჭიქა წვნიანს და როცა მშვიდობიანი მოქალაქეები ბავშვებთან ერთად შემოვიდნენ, იმასაც მათ ვუყოფდით. ამ რესურსებმაც დიდი ხანია, ამოწურა თავი.

 

და ეს ჩანს ფოტოებზე ბიჭების სახეებზე. რატომ?

სამწუხაროდ, ადამიანები და ქვეყნები ხშირად არ უსმენენ ერთმანეთს, სანამ საკუთარ ტრაგიკულ გამოცდილებას არ შეიძენენ.
აზოვის, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ადრინდელი იმიჯის შესახებ: აქ, ვფიქრობ, დიდწილად უკრაინის სახელმწიფოა დამნაშავე. დუმილი სპეკულაციის საბაბია. უკვე 2014 წლის ნოემბერში „აზოვი“ ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევიდა. სახელმწიფოს ოფიციალურად უნდა დაეცვა თავისი ქვედანაყოფი.

რატომ დუმდა? მეზობელმა სახელმწიფომ თავისი აგრესიის სტრატეგია ამ პროპაგანდაზე ააგო.

რაც შეეხება აზოვის სიმბოლოს, ჯანსაღი ფსიქიკისა და განათლების მქონე ადამიანს შეუძლია, დაინახოს ორი ლათინური ასო – I და N. რაც ნიშნავს – ეროვნულ იდეას. დიახ, ჩვენ ნაციონალისტები ვართ. იმიტომ, რომ მთელი ერი ერთიანდება ეროვნულ იდეაზე კრიზისის დროს. ომი კრიზისია და ჩვენ გვჭირდებოდა საფუძველი. უკრაინა ჩვენი ეროვნული საფუძველია.

ჩვენ აღვზარდეთ ელიტა ისეთ პლატფორმაზე, რომელსაც შემდგომში ახალი სიცოცხლის შთაგონება შეეძლო უკრაინის არმიისთვის. გვინდოდა, ჩვენი მებრძოლები მაგალითი ყოფილიყვნენ ყველასთვის. ჩვენი უნიკალურობა ასევე იმ ადამიანების მრავალფეროვნებაშია, რომლებიც ჩამოვიდნენ, ჩვენთან დარჩნენ და შექმნეს ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურის და შეხედულებების ასეთი სიმბიოზი.

ამ მოძრაობის ფენომენი უკრაინაში ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ეს არის განსაკუთრებული ძალა და ენერგია, რომლის გარეშეც უკრაინის სახელმწიფო წარმოუდგენელია.
პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო რკინის ნებისყოფის, რკინის ხასიათის კაცია და მაგალითს იძლევა. აზოვის ყველა მეთაური რკინის ნებისყოფის ადამიანია.

 

„ხალხი ბრძოლაში იქცევა ერად, რკინა ცეცხლში იწრთობა ფოლადად, – ასე დაემართა „აზოვს“. მანამდე იყო გუნდი, ერთეული და ომის დროს გადაიქცა შეკრულ ოჯახად.
ჩემთვის რადიკალიზმი, უპირველეს ყოვლისა, სიმამაცეა. გამბედაობა, თქვა „არა“ იმაზე, რასაც არ ეთანხმები და რაც მთავარია – დაიცვა საკუთარი აზრი, არჩევნებში- ხმა, კონსტიტუციური უფლებები, იბრძოლო დიქტატურის წინააღმდეგ.

ასეთი თვისებების მქონე ადამიანები რომ არ შეგვერჩია ჩვენს რიგებში, ალბათ ახლა სულ სხვა რამეზე ვისაუბრებდით. ომის დასაწყისში პუტინს და მის გენერალურ შტაბს მთელი ქვეყნის სახელით ერთმა მცირე დანაყოფმა დაარტყა. შემდეგ კი კბილებში მუშტი უთავაზა და 9 მაისამდე არ მისცა მარიუპოლის და აზოვსტალის აღების უფლება. რადიკალიზმია ეს თუ პატრიოტიზმი?

„აზოვი“ რვა წელია, ომისთვის ემზადებოდა და ამის გამო ყოველთვის გვქონდა პრობლემები ხელისუფლებასთან. მაღლიდან გვიყურებდნენ და არ გვენდობოდნენ. „აზოვს“ ყოველთვის ესმოდა, რომ ომი გარდაუვალია. ამისთვის არ იყო საჭირო რაღაც შეგრძნებები, ასტროლოგიური პროგნოზები და ა.შ. სახელმწიფოს, უბრალოდ, ფაქტების ანალიზი სჭირდებოდა, როგორც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ მზად გვქონდა შესაძლო თავდაცვის გეგმა, რომელსაც ყოველწლიურად ვაახლებდით.

ზელენსკის მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ არ შეეშინდა და არ გაიქცა კიევიდან. მას ჰყავდა ხალხი, ვისაც დაეყრდნო. წრე შეიკრა. ახლა სახელმწიფო მანქანამ უნდა დაიწყოს მუშაობა, რაც კორუმპირებულთა რადიკალური წმენდის გარეშე შეუძლებელია.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მაიდანზე და 2014 წლის ომის დასაწყისში ფრონტის ხაზზე იყვნენ არა მხოლოდ რადიკალები და პატრიოტები, არამედ ისეთებიც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მოვალეობასთან და ღირსებასთან.

ამ ომში ბევრი ადამიანი დაიღუპა ღალატის,  არაკომპეტენტურობის გამო. ესენი იყვნენ ვიღაცის შვილები, ქმრები და მშობლები – განადგურდა მთელი სამყარო და ოჯახები და ამაზე დაუყოვნებლივ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

პრევენციის ეს სიგნალები სჭირდებათ მეთაურებს ისევე, როგორც საზოგადოებას. ეს არის ხანგრძლივი და რთული გამოძიებები, რომლებიც პარალელურად უნდა აწარმოონ პროფესიონალმა პატრიოტმა გამომძიებლებმა.

კორუფციის წინააღმდეგ მეორე ფრონტი ახლა უნდა გაიხსნას და არა ომის შემდეგ. ახლა იდეალური დროა სახელმწიფოებრიობის ახალი ხარისხის დაბადებისთვის და პრეზიდენტმა უნდა მისცეს ამის სიგნალი“. – ამბობს ყურაფაშვილი ინტერვიუში.

შეგახსენებთ, „აზოვის“ ბატალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგეი კოროტკიხი, მეტსახელად ბოცმანი ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ პოლკი ქართველ მოხალისე მებრძოლებთან, ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ქუფარაშვილთან ერთად 2014 წელს დააფუძნა.

კოროტკიხის თქმით, მათ არავინ დახმარებია და პირიქით, მათგან “საფრთხობელას ქმნიდნენ”, თუმცა, ახლა უკრაინის დაცვის ხერხემალი სწორედ „აზოვის“ ბატალიონია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები