საქართველოში უანგარო დონაციის პრაქტიკის დამკვიდრება იგეგმება.
აღნიშნულის შესახებ საუბარია “ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტში, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
მისი განცხადებით, კანონპროექტის მომზადება მოტივირებულია იმ გარემოებებით, რომ ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემა ძირეულ განახლებას საჭიროებს.
“ეს ვალდებულება ასევე განსაზღვრულია საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.
მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემო, რომელიც ქვეყანაში არეგულირებს სისხლის უსაფრთხოების სისტემას შესაბამისობაში მოვიდეს ევროდირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი, რომელიც დღეისათვის სისხლის კომპონენტების და დონორობის საკითხებს არეგულირებს, 1995 წელს არის მიღებული და ბუნებრივია, მთელი რიგი ასპექტები განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას საჭიროებს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის შედეგად:
◼ სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის მართვის სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის დაცვას;
◼ კანონპროექტის შედეგად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები, რეციპიენტის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო;
◼ მომხსენებლის განცხადებით, კომერციული ინტერესებიდან სისხლის წარმოების და დონაციის სისტემა სრულად გათავისუფლება. ამისთვის, სისხლის დაწესებულება მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული პირის სტატუსით იფუნქციონირებს, მაშინ როდესაც დღეის მდგომარეობით ე.წ. სისხლის ბანკების უმრავლესობა კერძო დაწესებულებებია;
◼ კანონპროექტით ასევე უანგარო დონაციის პრაქტიკა დაინერგება.
“დონაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ანაზღაურების გარეშე და ანონიმური და ეს ძირითადი პრინციპი გასდევს კანონპროექტს”, – თქვა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებთან საკანონმდებლო პაკეტში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტის წევრების უმრავლესობამ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.