LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ოსკარის მფლობელი ქართველი რეჟისორი ახალ ფილმზე მუშაობს – მარიამ ხაჭვანი სტუმრად „ვიზიტორში“

5
xachvani

გადაცემის ლაივი LIVE

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია „აზიური ოსკარის“ მფლობელი, რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი, რომელმაც აღნიშნული ჯილდო 2018 წელს, სვანურენოვანი ფილმისთვის „დედე“ მიიღო. 

მარიამ, რომელია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი?

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია „დინოლა“. რისი თქმაც მინდოდა გამომივიდა, რაც შეეხება „დედეს“, მისი გადაღებებისას ბევრი დაბრკოლება გვქონდა. მე პირადად, ბოლომდე კმაყოფილი არ დავრჩი. „დინოლას“ შემთხვევაში კი ვიტყვი, რომ ის ჩემი საკუთარი ფილმია. „დედემ“  „აზიური ოსკარი“ მიიღო. დაჯილდოებაზე ვიყავით მიწვეული ავსტრალიაში, ძალიან დიდი ცერემონიალი იყო. ჩემთან ერთად ცნობილი რეჟისორები მონაწილეობდნენ. პრიზს არ ველოდი, შოკი მქონდა, რომ გამოაცხადეს ფილმი, არ მჯეროდა. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ „დედეში“ ჩემი ოჯახის წევრები ითამაშებდნენ, ეს შემთხვევით მოხდა. მინდოდა, სვანურ ენაზე ყოფილიყო და მსურდა, კასტინგში მონაწილეობა სვანებს მიეღოთ.  რადგან კასტინგზე ცოტა მოვიდა, ასე გადავწყვიტეთ, ავიყვანე უშგულიდან ადგილობრივები, ყველას ვიცნობდი, ვიცოდი, ვისგან რა მჭირდებოდა. პრაქტიკულად, თავიანთი ტიპაჟები ითამაშეს, ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდებოდათ. არ მქონდა პრობლემა, თუმცა ზოგი არაპროგნოზირებადიც იყო, ერთ დღეს მოვიდოდნენ, მეორე დღეს დასალევად მიდიოდნენ.

თუ მუშაობ ახალ ფილმზე?

ვმუშაობ ახალ ფილმებზე, ვავითარებ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, ბოლო ეტაპზე ვარ. კინოცენტრში მაქვს ეს პროექტი შეტანილი და იმედი მაქვს, მივიღებ დაფინანსებას. პროდიუსერი გახლავთ ჩემი მეგობარი, ევროპული კინოაკადემიის თავმჯდომარე, მაიკლ დაუნი. როგორც კი დაფინანსებას მივიღებთ, უკვე საერთაშორისო პლატფორმებზე ავტვირთავთ. იმედი მაქვს, მალე მომეცემა „ნენეს“ გადაღების საშუალება. პარალელურად გავაკეთე დოკუმენტური ფილმი „ქვა“, რომელიც ბებიაჩემის ცხოვრებაზეა. ბოლო ეტაპს გავდივართ. გვეხმარება პირველი არხის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი. ეს ფილმი უკვე იყო წარდგენილი ვილნიუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მივიღეთ ჯილდო.

თუ აქვს „აზიური ოსკარი“ კიდევ რომელიმე ქართველს აღებული? საინტერესოა, რას გვეტყვი მესტიის კინოფესტივალის შესახებ, რომელიც თავად დააფუძნე?

დიახ, ჩემთან ერთად ცერემონიალზე იყო ანა ურუშაძე, მისმა ფილმმა „საშიში დედა“ მიიღო ანალოგიური ოსკარი. რაც შეეხება ფესტივალს, წელს მეორე ფესტივალი იქნება, ჩატარდება 10-16 ივლისს, მესტიაში, პარალელურად ჩვენება იქნება უშგულზე. 20 ფილმი მიიღებს მონაწილეობას. მოვიწვიეთ ახალგაზრდა რეჟისორებიც. გვექნება ფულადი ჯილდოებიც. წელს ფესტივალზე ძალიან მნიშვნელოვანი ჟიურის წევრები ჩამოდიან. ეს არის კანის კინოფესტივალის დირექტორი, კრისტოფ ლეპარკი და სხვა მნიშვნელოვანი სახეები კინოინდუსტრიიდან. დაჯილდოების ცერემონიალი გრანდიოზული იქნება, 300 კაცამდე გვეყოლება სტუმარი. გვექნება გარე ჩვენებებიც.

რა გასაქანი აქვს გამარჯვებულ ფილმს ამ ფესტივალზე?

გვაქვს სამი ნომინაცია, „ქალღმერთი დალის“ ჯილდო, ანუ გრან-პრი გადაეცემა საუკეთესო ფილმს, გვაქვს საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ოპერატორის პრიზები. ახალგაზრდა რეჟისორები შემოგვთავაზებენ თავიანთი ფილმების პრეზენტაციას, სადაც გვექნება ფულადი პრიზები. ამ მიზნით გამოყოფილია 15 000 ლარი.  ფესტივალი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სვანეთის რეგიონისთვის, ტურიზმისთვის, რეგიონის პოპულარიზაციისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები