თბილისის მერმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) პრეზიდენტმა კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“. კონფერენცია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ძირითად სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაღალი დონის ეროვნულ კონფერენციაზე შესაძლებლობა გვაქვს, ვიმსჯელოთ გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამოქმედო გეგმებზე. პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებაა, ღირსეულად იცხოვროს ისეთ გარემოში, სადაც ხდება რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარი განაწილება, ქალისა და მამაკაცის თანაბარი განვითარება. ძლიერია საზოგადოება, სადაც ქალები და მამაკაცები ერთნაირი უფლებებით, ერთნაირი რესურსებით და შესაძლებლობებით სარგებლობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, 2017 წლიდან დღემდე, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, რაც პოზიტიურად აისახა არა მხოლოდ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში, ასევე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. ამასთან, თბილისის მერმა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
„აღნიშნული ცვლილებები, ასევე, მოიცავს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებას და კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ რჩება პრობლემები და ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები, რომლებიც სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია ქალთა გაძლიერება ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნის გზით.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისთვის გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, შევქმენით გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რათა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე, თავად მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად. 2020 წლის დასაწყისში, ასოციაციამ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ათეა-ს გენდერული თანასწორობის პლატფორმა, საქმიანობის რეგულირების დოკუმენტებში ინტეგრირდა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპები, შემუშავდა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების სახელმძღვანელოები მუნიციპალიტეტებისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე განმარტებით, ათეა მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„აღსანიშნავია ევროპის საბჭოს კონგრესთან გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე კოორდინირებულ თანამშრომლობას მოიაზრებს. თანასწორობის პრინციპებზე თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთანაც
იმედი მაქვს, საერთო ძალისხმევით შევძლებთ საზოგადოების სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას, შესაძლებლობების თანაბრად გადანაწილებას, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის სრულად აღმოფხვრას“,- განაცხადა კალაძემ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღესვე, კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან. პროექტს „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
ღონისძიებას თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.