ილია ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლე, ნენე ჟვანია უკვე ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტია, სადაც რამდენიმე თვეში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებებისა და ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატზე დაიწყებს. მისი სწავლის დაფინანსება მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა საკუთარ თავზე სრულად აიღო და ქართველ გოგონას 349 000 დოლარის ოდენობით გრანტი გამოუყო.
რას გააკეთებს, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტს დაასრულებს? – fortuna.ge-ს ამ კითხვაზე გოგონას ჯერ პასუხი არ აქვს, მთავარი არის ის, რომ იცის, უნივერსიტეტში სწავლის რამდენიმე წელიწადი ნაყოფიერად უნდა გაატაროს და ყველაფერი აითვისოს, რისი შესაძლებლობაც მიეცემა. შესაძლებლობების მრავალი კარი კი, როგორც მოგეხსენებათ, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მუდმივად ღიაა.
“$340 000-ის დაფინანსება აიღო” – ვეკუას სკოლის მოსწავლე ნენე ჟვანია ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა
ნენე ჟვანია:
„ჯერ ვერც წარმოვიდგენ და ვერც ვგრძნობ, რომ რამდენიმე თვეში ჰარვარდის უნივერსიტეტის კამპუსში ვიქნები…
რა გზა გაიარე ამ მომენტამდე?
სულ თავიდან რომ დავიწყოთ, არ მქონია ასეთი გათვლა, წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, იმიტომ არ კეთდებოდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტამდე მიმეღწია ან რაიმე აპლიკაციაში ჩაწერილიყო. სინამდვილეში, მე-11 კლასის ზაფხულამდე არც კი მეგონა, რომ აშშ-ში შევძლებდი ჩაბარებას, ოჯახი იყო წინააღმდეგი შორი მანძილის გამო… მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ძალიან მინდოდა ამერიკაში სწავლა, ეს ოცნებად რჩებოდა.
მე-11 კლასში რომ გადავედი, სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ სად უნდა ჩამებარებინა საქართველოში და რა ფაკულტეტი უნდა ყოფილიყო ეს. რაც უფრო მეტად ვაანალიზებდი იმას, რომ ჩემი აპლიკაცია ჰგავდა აპლიკაციას, რომელსაც წარმატების მიღწევა შეეძლო საზღვარგარეთაც, მით უფრო მეტად მიმყარდებოდა აზრი, რომ გარისკვად ღირდა. ნებისმიერ აპლიკაციაში თამაშობს როლს რაღაც ტიპის ბედი, ვიღაც კითხულობს შენს აპლიკაციას და ან მოსწონხარ, ან – არა, მაგრამ ჰარვარდის შემთხვევაში ეს ცოტა სხვანაირად ხდება, ჯერ სამი ადამიანი კითხულობს, შემდეგ, მეორე ეტაპზე – ორი ათეული, ამიტომ ერთ ადამიანზე არ ხარ დამოკიდებული. გაცილებით სხვა პროცესია, ვიდრე ის, რაც ჩვენთან ხდება. გჭირდება რაღაც ქულები, აქტივობები, ჯილდოები იმისთვის, რომ სხვების გვერდზე ჩანდე უკეთესად, ან კარგად მაინც.
მე-11 კლასის ბოლოს დავიწყე ფიქრი იმაზე, რა განმასხვავებდა 60 000 აპლიკანტს შორის, რომელთაგან საერთაშორისო 20 000 იყო. იმ 20 000-დან 15 000-ს, ან შეიძლება მეტსაც, ჩემზე უკეთესი ქულებიც ჰქონოდა, ამიტომაც საინტერესო იქნებოდა, რა მქონდა გაკეთებული ჩემი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. აქ შემოვიდა უკვე საერთაშორისო მედლების, ტურნირებში მონაწილეობისა და ჟიურის წევრობის თემა, მაგრამ აპლიკაცია არ შედგება მხოლოდ იმისგან, რა გააკეთე. აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ემოციური ინტელექტი – ერთი ნაწილია შენი აქტივობები და ქულები და მეორეა – ემოციური ინტელექტი, რამდენად შეგიძლია, შეხედო შენ გარშემო საზოგადოებას, გააანალიზო და დაისახო მიზნები გარემოს გასაუმჯობესებლად. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ესსეებს, სადაც ასახული იქნება, რას მიიჩნევ მნიშვნელოვნად შენი საზოგადოებისთვის, რა ხდება საინტეერსო ან ცუდი, რისი გამოსწორებაც გსურს. არც ერთ უნივერსიტეტს არ სჭირდება ადამიანი-რობოტი, რომელსაც აქვს 1600-დან 1600-ვე ქულა და ყველა საერთაშორისო მედალი, რაც შეიძლება, ადამიანმა მოიპოვოს. კი, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როცა საუბარი მიდის რეიტინგულ უნივერსიტეტებზე, როგორიც არის ჰარვარდი, მას სჭირდება აპლიკანტი, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს და ფიქრობს. ჩემი აზრით, მე ამით მივიქციე ყურადღება. მივიქციე ყურადღება იმით, რომ ჩემს აპლიკაციას არ ჰქონდა სუსტი წერტილი.
ახლა გვითხარი, ასეთი თავდაჯერება საიდან გაქვს? ესეც ისწავლება ვეკუას სახელობის სკოლაში?
(იცინის) ამას თავდაჯერებულობას არ დავარქმევდი, უბრალოდ, როდესაც კარგად გესმის პროცესი, აქედან მოდის ეს ყველაფერი. დიდი დრო მაქვს დახარჯული, რომ გამეგო, რა როგორ ხდებოდა. რაც მეტს კითხულობს უნივერსიტეტში მოხვედრის პროცესზე, მით უფრო კარგად იცი, რა მხრივ უნდა წახვიდე და აქედან მოდის ეს თავდაჯერებულობაც, თორემ სინამდვილეში მეგონა და ჩემს მშობლებსაც ვაფრთხილებდი, რომ წელს არავინ მიმიღებდა, მაგრამ შემდეგ წელს უფრო მეტს გავიგებდი აპლიკაციებზე და შემდეგ წელს უფრო გაიზრდებოდა ჩემი შანსები.
ელოდი ამხელა დაფინანსებას?
ჰარვარდისგან – კი, რადგან ის ცნობილია თავისი დიდი ბიუჯეტით და არ არსებობს შანსი, იქ იმიტომ ვერ ისწავლო, რომ ფული არ გაქვს. ჰარვარდის უნივერსიტეტში ამბობენ, როცა ვხედავთ, რომ სტუდენტი საკმარისად კარგი ჩვენთვის, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინანსები არ იყოს შემაჩერებელი ფაქტორიო.
რა არის შენი მიზანი, როდესაც კომპიუტერული მეცნიერებებისა და ფიზიკის ფაკულტეტს დაასრულებ?
ჩემი ფაკულტეტი არის ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ნარევი ბაკალავრიატი. რას ვაპირებ დამთავრების მერე, წარმოდგენა არ მაქვს (იცინის). ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გავიგო იმ სფეროებზე, რაც დღეს მაინტერესებს და თუ რამე სხვა სფერო მომეწონება, მასზეც გავიგო, რადგან ჰარვარდს ეს ლიმიტი არ აქვს, შეგიძლია, ნებისმიერი ტიპის კლასი აიღო და დაესწრო და ამის მიხედვით გადავწყვეტ, სად მინდა მუშაობა.
რას ეტყვი მათ, ვინც ფიქრობს, რომ ფიზიკა და კომპიუტერული მეცნიერებები გოგონებისთვის არ არის?
(იღიმის) რა თქმა უნდა, გამიგია ეს მოსაზრება და წლების განმავლობაში მესმოდა, ამაზე დიდი აბსურდი არ არსებობს. ჩემი აზრით, როდესაც საუბარი მენტალურ სიძლიერეზეა, მდედრობითი სქესი უფრო ძლიერია, ვიდრე მამრობითი. ვერ ვხვდები, ათი პროცენტით მეტი კუნთის მასა რატომ აძლევს ვიღაცას უფლებას, რომ იფიქროს, ის სხვა სქესზე უფრო ჭკვიანია. ადვილი სწავლა არავისთვისაა. აქ ძნელსა და ადვილზე არ არის საუბარი, სწავლა საინტერესოა. თუ ვიღაცას რაღაც აინტერესებს, რატომ არ უნდა მიჰყვეს მას? იმიტომ, რომ მათ გარშემო ვიღაც ამბობს, რომ საკმარისად კარგი არ არის? თუ შენს ოცნებაზე იმიტომ ამბობ უარს, რომ შენ გვერდით მეორეული ხარისხის ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, გეუბნება, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, მით უმეტეს, შენი სქესის გამო, მანდ იმაზე უნდა დაფიქრდე, მართლა გინდა თუ არა იმ პროფესიაში წასვლა…