LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავი ჰქონდა გატეხილი, ხელი – მოტეხილი, დანა ჰქონდა დარტყმული და მაინც ჩემი ქმარი დააკავეს“ – რა თქვა მარგვერლაშვილის სიძემ პროცესზე

1151
ანა მარგველაშვილი სოსო

საქალაქო სასამართლოში გიორგი მარგველაშვილის სიძის, სოსო ყიფშიძის პროცესი მიმდინარეობს.

სოსო ყიფშიძეს გამოძიება ძალადობას და მუქარას ედავება. ყიფშიძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

„ვარ უდანაშაულო, თავს დამნაშავედ არ ვცნობ”, – განაცხადა მან პროცესზე და აღნიშნა, რომ ცნობილი პირები დაესხნენ თავს.

ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული პირები ანა მარგველაშვილის და სოსო ყიფშიძის ბინაში ხელკეტებით შეიჭრნენ.

საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის ადვოკატებმა მტკიცებულებები წარადგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები თავს თავად დაესხნენ ანა მარგველაშვილის ქმარს 11 თვის ბავშვის თანდასწრებით. ადვოკატებმა სოსო ყიფშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს.

პრეზიდენტის სიძის უფლებადამცველი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თავად სოსო ყიფშიძეს დაზიანებები ჰქონდა თავის არეში და მოტეხილი ჰქონდა ხელიც.

მე-4 პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა და ამას სასამართლო დაამტკიცებს. მარგველაშვილს მოსამართლის ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

ანა მარგველაშვილის თქმით, საქმის გამოძიება უსამართლოდ და არაობიექტურად მიმდინარეობს.

„ჩემი ქმარი არის დაზარალებული ამ საქმეში და მოსამართლის კეთილსინდისიერების იმედი მაქვს, რომ არაფერზე დაყრდნობით არ მიიღებს გადაწყვეტილებას სიმართლის გარდა.

სოსო თავს იცავდა, ჩემი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო ამ ყველაფერს. თავი ჰქონდა გატეხილი, ხელი ჰქონდა მოტეხილი, დანა ჰქონდა დარტყმული და ამ ყველაფრის მიუხედავად დააკავეს სოსო და 2 თვეა არის უსამართლო პატიმრობაში. ეს საქმე მხოლოდ ცალმხრივადაა გამოძიებული”, – ამბობს ანა მარგველაშვილი.

ცნობისთვის, საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მარჯანიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევას.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განმარტავს, რომ ანა მარგველაშვილს უთანხმოება მოუვიდა პარკინგთან დაკავშირებით მეზობლებთან, რომელიც დაზარალებულად არიან ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები