მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“, რომელიც საქართველოში მიზნად ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს, პარლამენტს ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მიმართავს.
როგორც „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ მოძრობის დამფუძნებელმა, გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა მათი მიზანია აღსრულების მექანიზმის დანერგვა, კერძოდ კი ავტომობილებზე ხილული გამონაბოლქვის გზისპირა ინსპექტირება.
„აშშ, ახალი ზელანდია, სინგაპური და ავსტრალია – აღნიშნულ ქვეყნებში უკვე ეფექტურად მუშაობს მსგავსი სახის აღსრულების მექანიზმი. ვიზუალური გამონაბოლქვის შემთხვევაში ქუჩაშივე აჩერებენ და ხდება გადამოწმება, 5 წამის განმავლობაში უწყვეტი გამოფრქვევის შემთხვევაში ხდება შესაბამისი პირის დაჯარიმება.
2021 წელს, ჩვენს დედაქალაქში 263 დღე არ იყო სუფთა ჰაერი და ამის მთავარი დამაბინძურებელი არის გაუმართავი ავტომობილი. თუ გვინდა, რომ ვსუნთქავდეთ სუფთა ჰაერს, თუ გვინდა რომ არ შეგვექმნას ჯანმრთელობის პრობლემები შემოგვიერთდით“, – აცხადებს გიორგი ჯაფარიძე.
მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების მიზნით ხელმომწერებს აგროვებს. გიორგი ჯაფარიძის განმარტებით, იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ 25 000 ხელმომწერი სჭირდებათ. ამ ეტაპზე კამპანიას 12 000 – მდე ხელმომწერი ჰყავს.
„სხვა ქვეყნების მაგალითზე გამოჩნდა, რომ ხილული გამონაბოლქვის გზისპირა ინსპექტირება 60 პროცენტით უფრო ეფექტურია. ამიტომ, ვინც ეთანხმება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, რომლის მთავარი გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ავტომობილია, მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე“, – აცხადებს მოძრაობა“ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე.