კოპენჰაგენში უნიკალურ ხელოვნურ კუნძულს ააშენებენ. დანიის პარლამენტმა პროექტს მხარი უკვე დაუჭირა და მისთვის 20 მილიონი კრონის (3,3 მილიარდი დოლარი) დაფინანსება გამოყო.
კუნძულის მშენებლობას 2035 წელს დაიწყებენ და სამუშაოები სავარაუდოდ 2070 წლისთვის დასრულდება.
ხელოვნურმა კუნძულმა კოპენჰაგენი წყლის დონის მატებით გამოწვეული წყალდიდობისგან უნდა დაიცვას.
კუნძული გვირაბის მეშვეობით ქალაქის მთავარ მაგისტრალს დაუკავშირდება, მომავალში კი მის ტერიტორიაზე მეტროსადგურის მოწყობაც იგეგმება.
პროექტის ავტორები სრულყოფილი საცხოვრებელი კომპლექსის აგებას ვარაუდობენ და ფიქრობენ, რომ ხელოვნურ კუნძულზე დაახლოებით 35 ათასი ადამიანი დასახლდება.