საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც კალანდია წერს, ერთ-ერთი ადგილი, სადაც მსოფლიოში პირველი ფერადი ფოტო გადაიღეს აფხაზეთია, კერძოდ კი ქალაქი გაგრა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ფოტოების ავტორი პროკუდინ გორსკია, რომელსაც გადაღების განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდა.
“ცოტამ თუ იცის, რომ ერთ-ერთი ადგილი, სადაც მსოფლიოში პირველი ფერადი ფოტო გადაიღეს აფხაზეთია. კერძოდ, ქალაქი გაგრა და მისი შემოგარენი… 1909-1915 წლებს შორის საქართველოში გადაღებული ფერადი ფოტოს ავტორი სერგეი პროკუდინ გორსკია, ის მდინარე სქურისწყლის ნაპირას ზის…
გორსკის აფხაზეთში მეგზურობას ქართველები უწევდნენ… ამიტომ კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცულ ერთ-ერთ უნიკალურ ნეგატივს ასე ჰქვია „ქართველ მურმნათან ერთად“.
ფოტოს ავტორი რიგის ბოლოში მესამე მოჩანს, მისი პორტრეტი გადღაბნილია, რადგან ამ დროს ფერადი ფოტოგრაფია პირველ ნაბიჯებს დგამდა. ფერადი ფოტოგრაფიის გორსკისეული მეთოდი ბოლომდე არაა ამოხსნილი, თუმცა ცნობილია ის, რომ ლურჯი, წითელი და მწვანე ფილტრების საშუალებით გამომგონებელი ერთსა და იმავე სიუჟეტს ერთმანეთის მიყოლებით ძალიან სწრაფად აფიქსირებდა, სწორედ ამ მეთოდით გადაღებულმა ფოტოებმა გაგრის უნიკალური არქიტექტურა და პეიზაჟები შემოგვინახა. ერთ-ერთ ფოტოზე ულამაზესი დაისი გაგრის სანაპიროდანაა გადაღებული, ეს ის პერიოდია როცა გაგრა შენდებოდა და უფრო მშვენიერი ხდებოდა.
გახსოვდეს აფხაზეთი!” – წერს გიორგი კალანდია.