LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა ვიცოდეთ ამას ვინ აკეთებს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რუსი შემოვიდა“ – მაკა ჩიჩუა ქუჩებში გამოჩენილ საეჭვო წარწერებზე

464
ledii

აქაც არიან შავბნელი ძალები და არ გამიკვირდება ერთად ახორციელებდნენ ამ ტიპის წარწერებს და ასეთ დამთრგუნველ გარემოს ქმნიდნენ – ასეთია საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუას შეფასება, თბილისის ქუჩებში გაჩენილი საეჭვო წარწერების შესახებ.

„არ მიკვირს, იმიტომ რომ ეს უკრაინაშიც ხდებოდა, იყო ასეთი პრეცედენტები. არც მიკვირს იმიტომ, რომ ძალიან დიდი რაოდენობის რუსული წარმოშობის თუ რუსეთიდან გადმოსული ხალხი შემოდინდა საქართველოში. რას უნდა ველოდეთ ამისგან, მე არ ვიცი, ძალიან არასასიამოვნოა, თითქოს ავის მომასწავებელიც. ახლა ყველაზე მეტად უჭირს უკრაინას, მთელი მსოფლიო ჩართულია ამ გამანადგურებელ, უსასტიკეს, გარყვნილ, ამორალურ ომის ქარცეცხლში. ყველა ცივილური სამყარო გულშემატკივრობს, მათი ლიდერები მოცული არიან ამ ამბებით. ფაშისტური გერმანიის შემდეგ, ასეთი პრეცედენტები, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ასეთი მასშტაბით არ გვინახავს. მასშტაბები ძალიან დიდია და უკვე დიდი ხანია გრძელდება სისასტიკით. საქართველოში, აქაც არიან შავბნელი ძალები და არ გამიკვირდება ერთად ახორციელებდნენ ამ ტიპის წარწერებს და ასეთ დამთრგუნველ გარემოს ქმნიდნენ.

სრული ლეგიტიმური უფლება როცა აქვთ მოქალაქეებს გამოხატონ პროტესტი ან სტიკერების სახით, ან ტრანსპარანტებით, ან წარწერებით, ან ვერბალურად, იქვე მორბის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია, ან ჯგუფი მათი და აკავებენ, ხელებს უტრიალებენ და კინწისკვრით მიჰყავთ საპატიმროში. ამხელა წარწერებს რომ აკეთებ ქუჩაში, როგორ კამერები არ არის, არსად არ არის სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენელი? ყველგან კამერები აყენია. ასეთი რთულია ამის დადგენა, ვინ აკეთებს? ან რამდენ ხანში შეიძლება, თუ რთულია მაშინ გვითხრან რა სირთულეა ამაში, რატომ თრგუნავენ საქართველოს მოქალაქეებს ისედაც დაძაბულ და სრულიად დემორალიზებულ გარემოში“, – ამბობს მაკა ჩიჩუა და დასძენს, რომ პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება:

„სახელმწიფოებრივად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს, უშიშროებას თუ სამართალდამცავს, რომ რაც შეიძლება დროზე აღკვეთილ იქნას. უნდა ვიცოდეთ ჩვენ, ამას ვინ აკეთებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რუსი შემოვიდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები