რამდენიმე თვეში აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ისინი კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას შეძლებენ, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს.
მისივე თქმით, აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც Android-ის, ისე iOS სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისთვის.
„გარდა იმისა, რომ დღეს ნებისმიერი მობილური ტელეფონიდან შეიძლება ინფორმაციის მიღება დავალიანების შესახებ და ა.შ. კიდევ უფრო გავამარტივებთ ამ სერვისს. მობილური ტელეფონებისთვის სპეციალური აპლიკაციის შექმნა იგეგმება, რომელიც კონკრეტული აბონენტებისთვის იქნება და მას კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით ერთ აპლიკაციაში ექნება ყველაფერი. მათ შორის, ერთზე მეტ საცხოვრებელ სახლს, ან ბინას, ან ა.შ. თუ ფლობს, ამ შემთხვევაში ერთი აპლიკაციით შეძლებს, რომ კომუნალური სერვისები სრულად მართოს. ასე რომ, ეს ურთიერთობას კიდევ უფრო გაამარტივებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე თვე დასჭირდება. „ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს აბონენტებს მაქსიმალურად დახვეწილი აპლიკაცია შევთავაზოთ, ამიტომაც ძალიან არ ვჩქარობთ. მაქსიმალურად გვინდა, რომ ყველა ნიუანსი გავითვალისწინოთ,“ – დასძინა ნარმანიამ.