„ხელუხლებელი სათხილამურო ტრასები საქართველოს აღმოუჩენელ ზამთრის სამოთხეში“ – ამერიკული სამოგზაურო ჟურნალი Lost Time საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემის მკითხველს საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს ინფლუენსერი ნეიტ ლიუბი უზიარებს. მათივე ინფორმაციით, ნეიტ ლიუბი საქართველოში „ციფრული დღეების“ ფარგლებში იმყოფებოდა. პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით მოეწყო. პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ინფლუენსერებმა საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ სტატიები, ისტორიები, ფოტო და ვიდეო რეპორტაჟები მოამზადეს, რომელიც სოციალურ ქსელებთან ერთად სამოგზაურო პლატფორმა Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე განთავსდა.
Lost Time-ის სტატიაში ნეიტ ლიუბი საქართველოს სამთო კურორტების სასრიალო ტრასებს, მათ შორის ბახმაროს აღწერს. სტატიაში ავტორი სვანეთის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.
„საქართველოში ისეთი სასრიალო ფერდობებია, როგორსაც ისურვებ. თხილამურებით სრიალისას ისეთ რიტმში გადადიხარ, რომლის არსებობაც აქამდე არ იცოდი. სრულიად თავისუფლად ვტრიალდები მოსახვევში, აქ არ მოგიწევთ ბავშვისთვის გზის აქცევა, შუა ტრასაზე არც სნოუბორდისტს შეხვდებით, რომელიც გზაში ისვენებს. უკვე ვიაზრებ, თუ როგორი უნდა უნდა იყოს სრიალი. განსაკუთრებულად საოცარი დღეა ბახმაროში, ეს შორეული სამთო სოფელია, სადაც ისეთი დიდი თოვლია, რომ აქ მოხვედრა მხოლოდ გამწმენდი მანქანით არის შესაძლებელი. მთელი დღე მთებზე სრიალში გავატარეთ… არ მახსოვს, ბოლოს როდის ვისრიალე ასე კარგად… ფაქტობრივად, დარწმუნებული არ ვარ, რომ ოდესმე ასე ფანტასტიკურად მესრიალა… მოკლედ რომ ვთქვა, ბედნიერება ეს საქართველოა“, – წერს ნეიტ ლიუბი.
ცნობისთვის, ონლაინ გამოცემის Lost Time-ის გლობალური ტირაჟი მილიონს აჭარბებს.