რუსულ არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.
რუსეთის მთავარ სამიზნეს – მარიუპოლს „აზოვის“ პოლკისა და 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვეითები იცავენ.
“ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი კუპრაძე ეხმიანება მარიუპოლში ერთადერთ გამაგრებულ ტერიტორიას „აზოვსტალი“, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ.
როგორც ირაკლი კუპრაძე წერს, “არ არსებობს დიდი საქმე, სადაც ქართველის ხელი არ ერიოს”.
“უკვე ყველამ ვიცით, რომ მარიუპოლი იქცა უმძიმესი და გმირული ბრძოლის ველად. კონკრეტულად კი ,,აზოვსტალის” ქარხანა, რომელიც იფარავს ასეულობით მშვიდობიან მოქალაქეს თავის მიწისქვეშა ბუნკერებში.
აზოვის ცნობილი მებრძოლებისთვისაც სწორედ ეს ქარხანა იქცა ,,ნოეს კიდობნად”. ისინი ურთულეს ალყაში და საწარმოს დაბომბვის ქვეშ აგრძელებენ სამშობლოსთვის ბრძოლას!
ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ,,აზოვსტალის” ქარხანას ქართველი ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ჰყავს – ენვერ ცქიტიშვილი.
არ არსებობს დიდი საქმე, სადაც ქართველის ხელი არ ერიოს, რა თქმა უნდა მართალ და ღირსეულ მხარეს!
ენვერ ცქიტიშვილი უნდა იქცეს 21-ე საუკუნის მელიტონ ქანთარიად, როცა უკრაინის დროშას აღმართავს თავისუფალი ,,აზოვსტალის” და მარიუპოლის თავზე”, – წერს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, ქარხნის გენერალური დირექტორი, ენვერ ცქიტიშვილი ქართული გვარის მქონე უკრაინელი ბიზნესმენია.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.