ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი, რომელიც საქართველომ მიიღო – გასაჯაროვდება.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს:
“ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დოკუმენტის მისამართით ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.
თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა 1 თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე.
კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.