უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში მიცვალებულების ამოთხრა დაიწყეს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსი სამხედროები მოსახლეობას დაღუპული მოქალაქეების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ.
როგორც საკრებულოს მიერ “ტელეგრამზე” გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უცნობია, რატომ ხდება მიცვალებულების ექსჰუმაცია და სად გაიგზავნება ცხედრები:
“ოკუპანტები ტერიტორიის “განწმენდის” ახალ დონეზე გადავიდნენ. მარიუპოლის იმ მაცხოვრებლების თქმით, რომლებიც ჯერ კიდევ ქალაქში იმყოფებიან, რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს იმ ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იყვნენ დაკრძალულები.
მეტიც, ოკუპანტები კრძალავენ მათ მიერ მოკლული ადამიანების დაკრძალვას და ეზოებში საკუთარ ზედამხედველებს აყენებენ.
უცნობია, რატომ ხდება ექსჰუმაცია და სად გაიგზავნება ცხედრები.
იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინულმა დაზვერვამ დააფიქსირა 13 მობილური კრემატორიუმი მარიუპოლში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საოკუპაციო ძალები ყველანაირად ცდილობენ, ჩვენს ქალაქში თავიანთი სამხედრო დანაშაულების კვალი წაშალონ. თუმცა, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მთელი მსოფლიო ხედავს რუსული არმიის უამრავ დანაშაულს მარიუპოლში. ყველა დამნაშავე დაისჯება!” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მარიუპოლში ადამიანები შიმშილით კვდებიან – გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი
ოკუპანტები 9 მაისს მარიუპოლში “გამარჯვების კარნავალს” გეგმავენ – მარიუპოლის მერის მრჩეველი
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში