რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის 50-ე დღეს, მხარეებმა ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს.
ეს ტყვეების გაცვლის მეოთხე შემთხვევაა.
უკრაინამ და რუსეთმა პირველი ტყვეები გაცვალეს: ვერეშჩუკი
ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი “ტელეგრამში” წერს და აღნიშნავს, რომ დღეს სახლში კიდევ 30 უკრაინელი ბრუნდება.
ვერეშჩუკის ინფორმაციით, გათავისუფლებულია 22 სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ქალია.
22 სამხედროდან კი 5 ოფიცერი და 17 რიგითია:
“პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს სამხედრო ტყვეების მორიგი, მეოთხე გაცვლა მოხდა. მათ შორის არის 5 ოფიცერი და 17 რიგითი.
ასე რომ, დღეს ჩვენი კიდევ 30 მოქალაქე მიდის სახლში”, – აღნიშნა მან.
სამხედრო ტყვეების პირველი სრულფასოვანი გაცვლა 24 მარტს შედგა – უკრაინამ 10 რუსი სამხედროს სანაცვლოდ 10 უკრაინელი დაიბრუნა.
მხარეებმა ტყვეები მეორედ 1 აპრილს გაცვალეს – უკრაინამ მოახერხა 86 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება, საიდანაც 15 ქალი იყო.
პატიმრების მესამე გაცვლა კი 9 აპრილს მოხდა, როდესაც 12 სამხედრო და 14 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში