ოლიგარქები, რუსეთის ეკონომიკის გარეშე არ არსებობენ. მათი შევიწროების სტრატეგია მართალია, გრძელვადიანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სერიოზულ შედეგებს გამოიღებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში რონდელის ფონდის წამყვანმა მკვლევარმა მერაბ კაკულიამ ისაუბრა.
მისი თქმით, მართალია რუს ოლიგარქებს სხვა ქვეყნების ეკონომიკებში საკმაოდ სერიოზული ინტერესები გააჩნიათ, მაგრამ მათი სიმდიდრის წყარო იყო და რჩება რუსეთის ეკონომიკა, რომელიც არის რესურსებზე და ექსპორტზე ორიენტირებული.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ამას არაერთი საერთაშორისო გამოცემა (ასევე, არაერთი ეკონომისტი, ვინც ჩახედულია რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში) აღნიშნავს, რომ ზუსტად ამ ოლიგარქებთან უნდა ვეძიოთ ის კუდები, რომელსაც ტოვებს რუსეთის პრეზიდენტი და მისი ახლო გარემოცვის მრავალმილიარდიანი აქტივები. იმიტომ, რომ ღია წყაროებით მათი პოვნა შეუძლებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პროფესიის არის რუსეთის პრეზიდენტი და რა გამოცდილების ადამიანები ახვევია გარს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი საგულდაგულოდ მალავენ იმას, რაც გააჩნიათ“,- განაცხადა მერაბ კაკულიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.