LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაერთი გადარჩენილი ძეგლი საქართველოში: დიდი ბიზნესისგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით ბრძოლა გრძელდება

84
278562893_5099607590121660_2285815420292386564_n

14 აპრილი მოხალისეთა გაერთიანების „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ დაბადების დღეა. საზოგადოება ამ ორგანიზაციას უფრო „საყდრისის კომიტეტის“ სახელით იცნობს.

რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ამ ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი მამალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, 2014 წლის 14 აპრილს ახლად შექმნილი მოხალისე მოქალაქეების გაერთიანება „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი“ (საყდრისის კომიტეტი) „კარვების აქციით“ საყდრისში ჩავიდა. ამ დღიდან დაიწყო მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს – საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენისთვის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი ბრძოლა, რომელმაც 13 თვეს გასტანა. (2015 წლის მაისამდე) სწორედ 14 აპრილიდან იწყებს 8- წლიანი ისტორიის ათვლას „საყდრისის კომიტეტი“.

„ამ ხნის განმავლობაში, მოხალისეთა ბრძოლის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა-გადარჩენა მოხერხდა, ხოლო ფიტარეთისა და სათხის მონასტრებში, ასევე ხულუტის ციხე-დარბაზსა და ანანურის ციხე-კომპლექსში, ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივითა და ჩართულობით, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის დიდი ბიზნესისგან დაცვის მიზნით, „საყდრისის კომიტეტმა“ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი აქტივობა განახორციელა: მოახერხა მუზეუმ-ნაკრძალ მცხეთაში საჰაერო ტაქსების აეროდრომის მშენებლობის შეჩერება 2015 წელს; (მშენებლობა დღემდე შეჩერებულია) 2019 წ. აპრილში შეაჩერა მუზეუმ-ნაკრძალ ვარძიის ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში სასტუმროს უნებართვო მშენებლობა; ასევე, 2019 წ. ოქტომბერში, თეთრიწყაროში მდებარე ბარათაშვილების სახლს, კომიტეტის წევრების აქტიურობის შედეგად, ჯერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო შემდგომში, გააპროტესტეს რა ძეგლში სახინკლის გახსნის მცდელობა, მათ მოახერხეს ძეგლის ამოღება საპრივატიზაციო ნუსხიდან.

2021 წ. აგვისტოში, „საყდრისის კომიტეტის“ 5-წლიანი ბრძოლისა და სპეციალისტებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, ძეგლის გადარჩენის მიზნით, განხორციელდა საქართველოში უპრეცედენტო ოპერაცია – მე-17 საუკუნის „აბულმუგის აბანოს“ გადატანა სამთო წარმოების ზონიდან მისთვის უსაფრთხო ადგილას.

„საყდრისის კომიტეტის“ ანგარიშზეა ასევე საქართველოში პირველი კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი (2019 წ.) და არაერთი შემეცნებითი ონლაინ პროექტი, მათ შორის საზოგადოებაში ყველაზე პოპულარული „ქართული კოლექციები საზღვარგარეთ“ და „უცნობი ქართველი ოსტატების კვალდაკვალ.“„საყდრისის კომიტეტის“ სახელს უკავშირდება ქვემო ქართლის რეგიონში 2018-2021 წლებში სამთო წარმოების შედეგად რთული ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. 2021 წ. სექტემბერში, საქმიანობის მასშტაბების გაფართოებასთან ერთად, “საყდრისის კომიტეტმა” საზოგადოებას წარუდგინა მოძრაობის ახალი ლოგო და სახელწოდება – “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის.”

ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ამ წლების განმავლობაში მხარს გვიჭერდა და გვაძლიერებდა“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

მისივე თქმით, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) კვლავაც რჩება ორგანიზაციად, რომელიც საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვა-შენარჩუნებისთვის იბრძვის.