ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე საქართველოში მიმდინარე სიტუაციას ფეისბუქზე აფასებს.
ის იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის რუსეთში „შეთრევას“ ვერ ბედავს.
„მიმდინარე ვითარების ანალიზი ასეთი შემიძლია შემოგთავაზოთ –
- სტეფანჩუკი რომ ჩართეს იმედზე,
- პაპუაშვილი რომ მიდის უკრაინაში,
- ბერამ რომ დაიყენა უკრაინის დროშა,
- კითხვარი რომ გადმოგვეცა ევროკავშირის,
- „ალტ-ინფოს“ ზურა მახარაძეს, რომ პოსტი ააღებინეს, სადაც ქოცები რუსებად გამოჰყავდა,
აი, ეს ერთმანეთთან თითქოს დაუკავშირებელი, მაგრამ ძალიან დასინქრონებული ქმედებები მიუთითებს იმას, რომ ბიძინა ვერ ბედავს ქვეყნის ღიად რუსეთში შეთრევას და ცდილობს, დასავლეთთანაც დაიტოვოს გზები, რაც უფრო მოსალოდნელს ხდის აწარმოოს ისეთი პოლიტიკა, რომ საქართველოში არ შეიქმნას რევოლუციური სიტუაცია.
დასავლეთთან კომუნიკაციაში ყოფნა გამორიცხავს ზოგიერთ წითელ ხაზს, რომლებიც ძალიან მკაფიოდ არის გავლებული სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელ ძალიან დეტალიზებულ და ჩაშლილ ანგარიშში საქართველოს შესახებ – ასეთი პოლიტიკის წარმოება რამდენად შესაძლებელია ან შეუძლებელია ღარიბაშვილი-კობახიძის დუეტით, მალე გამოჩნდება, მაგრამ ამ მომენტისთვის რა ტენდენციაც იკვეთება, არის დარბილება პოლიტიკის და დასავლეთის გავლენის გაძლიერება გუშინდელ დღესთან შედარებით – ამიტომ, ვფიქრობ სტრატეგია ოპოზიციის უნდა იყოს სწორება 2024 წლის არჩევნებისთვის, და ყველა იმ საკითხის, რომლებიც დროში იწვის, მოგვარება საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის გზებით, მანდ მეტი ბერკეტია, მაგალითად სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტის, ვიდრე ქუჩის აქციებში – ეს არა მხოლოდ თეორიული მსჯელობაა, არამედ პრაქტიკულადაც შემოწმებული და გუშინდელი დასკვნა ამ საქმეზე ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის საერთაშორისო ზეწოლის სასარგებლოდ.
რაც შეეხება ე.წ. რევოლუციურ სცენარს – მოგეხსენებათ, რევოლუციას აწყობს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება უწყობს საკუთარ თავს, ვერ ზომავს და თოკავს რა რეპრესიული მანქანის რომელიმე საცეცს და იწვევს საერთო ეროვნულ ისეთ მყისიერ რისხვას და ბრაზს, რომ სრულიად ყველა ადამიანი გრძნობს ამას იმავე მომენტში და ეგ გორდება როგორც ტალღა და არის თვითმართვადი – მაგას ვერც ვერავინ დაგეგმავს, ვერც ვერავინ აღკვეთს – ეგ სპონტანური პროცესია, ამიტომ რომელიმე სოლიდური პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფის ან წარმონაქმნის დღის წესრიგი თეორიულადაც კი ვერ იქნება რევოლუციური – ვერ იქნება ვერაფერი, რასაც სჭირდება დღის წესრიგი, მოლოდინში ვერაფრის, რაც არის სპონტანური.
ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური პარტიების მიერ სტრატეგიული მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება თითოეული ადამიანის დონეზე კომისიის წევრების, დამკვირვებლების და ამომრჩევლის პერსონიფიცირებულ დონეზე – ხელისუფლება თუ თავის აიყირავებს, მაგაში ხელს ვერავინ შეუშლის, თუმცა, არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩასატარებელი იქნება და ინფრასტრუქტურა ამ არჩევნების მოსამზადებელი რამდენიმე დონეზე.
შესაძლებელი უნდა გახდეს ერთიანი ოპოზიციური თანამშრომლობა რამდენიმე მნიშვნელოვანი საარჩევნო ინსტრუმენტის გარშემო – სოციოლოგია, ინფრასტრუქტურა, ურთიერთსოლიდარობა, მონაცემთა გაცვლა და ხარისხიანი კოორდინაცია – პროცესში პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავს ევროკავშირის კითხვარი – და ამ თემებში იქნება პოლიტიკური კონკურენციაც.
ასე მგონია დღეს, ცამეტ აპრილს, შვიდის ნახევარზე საღამოს“- წერს მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში