LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ ფოტოზე ჩემს უკან მანქანა-მაცივარია და ვიღაც წერს – რა არის საწყობში იღებს სურათებსო? არადა პროზექტურაში ვიყავით, ცხედრების მაცივარი იყო: ოქრუაშვილი

2100
Untitled design (16)

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია” ისაუბრა.

ოქრუაშვილმა უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმ მოქალაქეების განწყობებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სოციალურ ქსელებში მებრძოლებთან და უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უარყოფით და სკეპტიკურ კომენტარებს წერენ.

როგორც ოქრუაშვილმა თქვა, ძალიან რთულია, როდესაც ასეთ შეფასებებს და კომენტარებს უყურებ:

“ძალიან მძიმე ემოციური ფონი მოგვდევს დღემდე ყველას, ვინც იქ ვიყავით, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია ნორმალური ადამიანი არ განიცდიდეს იმას, რასაც იქ საკუთარი თვალით ნახავდა.
ერთია, რასაც ფოტოებით და ვიდეომასალით უყურებ და მეორეა, რასაც საკუთარი თვალით ხედავ.

რამდენჯერმე გამაფრთხილეს მეუღლემ და ჩემმა დამ, რაიმე სისასტიკის ამსახველი ვიდეო და ფოტო არ დამედო და არც გამიკეთებია, მაგრამ როდესაც საკუთარ შვილებს ველაპარაკებოდი, წამომცდა, თუ რამდენი დახოცილი ძაღლი და კატა ვნახე და ესეც კი არ უნდა მეთქვა, ისეთი ემოციურად მიიღეს.

თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, როდესაც გვამებს, ხელებშეკრულ დახვრეტილ ადამიანებს უყურებ…

როდესაც უყურებ კომენტარებს: რომ “აი სად არის მტკიცებულებები, რომ ბავშვები გაუპატიურებულები არიან”, “სად არის მტკიცებულებები, რომ რუსებმა დაბომბეს და დახოცეს იქ ადამიანები” – რამდენად დეგრადირდა ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მე იმაზე უფრო მეტად ვდარდობ ახლა, ვიდრე, რეალურად, უკრაინაში ომი როგორ დასრულდება, იმიტომ, რომ უკრაინაში ომი ისედაც გამარჯვებით დასრულდება, ეს, ასე თუ ისე, ვიცით.

ძალიან ძნელია ამ ადამიანებს აუხსნა, რომ აქ, როდესაც ომში ხარ, არა მარტო შიმშილი მოგიწევს, არა მარტო სიცივეში, სადღაც ტალახში ან მიწაზე ძილი მოგიწევს, არა მარტო იმის განცდა მოგიწევს, რომ, სიტყვაზე, წყალი არ გაქვს და შეიძლება არ გქონდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, არამედ შენი აზროვნება და შენი ფსიქიკა და ემოციური მდგომარეობა იმდენად მძიმე ხდება, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანი კიდევ ასეთ კითხვებს რომ ისმენ, არ ვიცი, კიდევ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ…

ამას წინათ წავაწყდი – სანდრო ქართველიშვილი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი 2014 წლიდან იბრძვის უკრაინაში, ერთი ფეხი დაკარგა ბრძოლაში და დღემდე ბრძოლას აგრძელებს, მიუხედავად ამხელა ტრავმისა და ტრაგედიისა, სნაიპერად ბრძოლას აგრძელებს.

მასთან ერთად სურათი მაქვს გადაღებული, უკან მიდგას ე.წ. მაცივარი მანქანა, ტრაილერის მისაბმელი მაცივარი და ვიღაც წერს – რა არის საწყობში იღებენ სურათებსო? ბოდიში, მაგრამ საწყობში კი არ ვიღებთ სურათებს, პროზექტურაში ვიყავით დავით გობეჯიშვილის გადმოსასვენებლად და ასეთი მაცივრები იქ იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გვამები წაიღონ და წამოიღონ.

რა მტკიცებულებები უნდა დაუდო ამ ხალხს, რანაირად უნდა აუხსნა, წარმოდგენა არ მაქვს”, – თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მხვდა პატივი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სახელით ორდენი გადავცე რატი ბურდულს: ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი: ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში, საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი, თანაც იარაღით ხელში

“შევდივართ საავადმყოფოს ეზოში და ვხედავთ რომ სხვა დაჭრილებთან ერთად ტომრებს ქვიშით ავსებს” – ირაკლი ოქრუაშვილი ფრონტის ხაზიდან მორიგ ემოციურ ისტორიას ჰყვება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები