ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინო“ რუსეთში ექსპორტს აჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
„თბილღვინომ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეაჩეროს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი, რუსული ბაზრის წილის შემცირება და დივერსიფიცირება იყო.
კომპანია მიმართულია ახალი ბაზრების ათვისებასა და ქართული ღვინის პოპულარიზებაზე ევროპაში, ამერიკასა და აზიაში.
თბილღვინო მუდმივ კონტაქტზეა უკრაინელ პარტნიორებთან, რათა მოვისმინოთ ის ჰუმანიტარული საჭიროებები, რომელთა გადაჭრაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. ომის პირველივე კვირაში გავაგზავნეთ ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და ვაგრძელებთ სხვადასხვა აქტივობას უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. თბილღვინო – ქართული ღვინის ღირსეული წარმომადგენელი მსოფლიო მასშტაბით“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარს აქამდე კომპანიის წლიური გაყიდვების 21% ეკავა.