LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ სპორტული და შემოქმედებითი გუნდების წარმატებებით გამორჩეულია რეგიონში – რა გეგმები აქვს უნივერსიტეტს 2022 წელს

234
fortuna.ge (77)

ფუტსალის საფეხბურთო კლუბი „თსუ“, ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ვერცხლის პრიზიორი, ქართველ მოთამაშეებთან ერთად, კლუბი წარმოდგენილია 4 ლეგიონერით მათ შორის სამი ბრაზილიელი მოთამაშით;

 

 

კალათბურთის გუნდი, რომელიც თსუ-ში 1922 წელს ჩამოყალიბდა და დღესაც უცხოელ მოთამაშეებთან ერთად გამოკვეთილი ლიდერია, უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდი ქორქია-საკანდელიძის თასის 2019 წლის გამარჯვებული გახდა, 2021-22 წლის სეზონში პირველ ადგილზე იმყოფება;

 

 

ათეულობით ოქროს მედლის მფლობელი ათლეტები, რომლებმაც არაერთხელ გაიმარჯვეს ევროპის ღია ჩემპიონატზე თუ სხვა საერთაშორისო ტურნირებში, ოქროსა და ვერცხლის მედლები უნივერსიადაზე მშვილდოსნობაში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, რაგბიში, ასწლოვანი საუნივერსიტეტო თეატრალური დასი „სხვენი“ საუკეთესო დადგმებით, გამორჩეული სტუდენტური კაპელა საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების პრიზებით, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“, რომელმაც თავის დროზე „ქართულ ხმებს“ დაუდო სათავე, ქართული ცეკვის ანსამბლები, ალპინისტთა კლუბი და სხვა – ეს, ის მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული და შემოქმედებითი გუნდების წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის გეგმები წარმოადგინა.

„თითქმის მესამე წელიწადია პანდემიას ვებრძვით, ამ პერიოდში ჩვენი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დიდი ნაწილი გაუქმდა, ვერ განხორციელდა, თუმცა ყველასთვის ცნობილია რომ 2 მაისიდან უნივერსიტეტი სრულად აღადგენს სასწავლო პროცესს და შესაბამისად, სრულად აღდგება სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის კულტურის და სპორტის მიმართულების გუნდები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატებში, თუ კულტურის მიმართულებით გარკვეულ ღონისძიებებში“,- განაცხადა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

მისივე თქმით, 300-ზე მეტი სტუდენტია ჩართული თსუ-ს კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში, რითაც უნივერსიტეტი გამორჩეულია არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით.

შეხვედრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამწვრთნელო საქმიანობისთვის, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ-ის საკალათბურთო გუნდის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ ჭეიშვილი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ოქროს მედლით.

 

თსუ კულტურის და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ხარჯავანიძემ მადლობა გადაუხადა სპორტული გუნდების მწვრთნელებს და მოთამაშეებს, შემოქმედებითი ანსამბლების და სტუდენტური დასის ხელმძღვანელებს და სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად აქტიურად ვარჯიშობდნენ, რეპეტიციებს ატარებდნენ და წარმატებებსაც მიაღწიეს.

„ჩვენ როგორც მთლიანი ერთი გუნდი ვიკრიბებით დღეს, რომ ისევ შევხვდეთ და მადლობა გადავუხადოთ ერთმანეთს. ჩვენი სამომავლო გეგმები კი ის არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ განვავითაროთ ჩვენი გუნდები, სტუდენტური თეატრი, ანსამბლები იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა მიიღოს საუკეთესო შედეგები, და იყოს პირველი ყველაფერში,“-აღნიშნა ირაკლი ხარჯავანიძემ.

 

 

ახალი წარმატებებისთვის ემზადებიან პროფესიონალები, რომლებიც სტუდენტურ გუნდებთან წლებია მუშაობენ.

„მინდა მივულოცო ბატონ ნუგზარ ჭეიშვილს ოქროს მედალი, დამსახურებულად, 50 წლიანი ისტორია აქვს ამ ადამიანს კალათბურთთან და უნივერსიტეტთან. ფუტსალს და ჩვენს სპორტის სახეობას რაც შეეხება, ახლა ყველაზე გადამწყვეტ სტადიაში შევდივართ, პირველი გუნდითაც და სტუდენტური გუნდითაც, ფლეი ოფები გვეწყება, შესაბამისად, აქტიური მზადება მიდის და კიდევ ერთხელ ვეცდებით, ჩვენი უნივერსიტეტი გავახაროთ, რასაც მივაჩვიეთ ჩვენი მაყურებელი და ჩვენი ერთგული გულშემატკივარი“, – განაცხადა თსუ ფუტსალის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით ბობოხიძემ.

თსუ სტუდენტის შალვა ცხადაძის თქმით, კულტურის და სპორტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამომავლო გეგმები ახალ პერსპექტივებს უსახავს ახალგაზრდებს.

„მივიღე ძალიან პროდუქტიული ინფორმაცია. ვთვლი, რომ ასეთი სახის ღონისძიებები პირდაპირპროპორციულია ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. ვიმედოვნებ რომ მომავალში ამ ყველაფერს მიეცემა სისტემატური სახე, რაც შემდგომ აისახება ჩვენს საქმიანობაში“-განაცხადა მან.