მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც Credit Suisse Group-ს მისი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობის გამო უჩივლა, ნაწილობრივ CS Life Bermuda-ის დაუდევრობის გამო, 553 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო,- ამის შესახებ ბერმუდას უზენაესი სასამართლო აცხადებს, ინფორმაციას კი Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასამართლოს თავმჯდომარემ ნარინდერ ჰარგუნმა განაცხადა, რომ საქმეზე მომუშავე ბუღალტრები ივანიშვილის ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. მოსამართლის თქმით, CS Life-მა პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობის პრევენციისთვის ადეკვატური ზომები არ მიიღო, რადგან მისთვის უფრო პრიორიტეტული იყო შემოსავლები, რომლებსაც ლესკოდრონი გამოიმუშავებდა, ვიდრე კლიენტების ინტერესები. Bloomberg წერს, Credit Suisse Life Bermuda აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკს თითქმის 11 წლიანი დავა მოუგო
ქართველი მილიარდერის დავა Credit Suisse-თან 2011 წლიდან იწყება
შეგახსენებთ, ქართველი მილიარდერის დავა Credit Suisse-თან 2011 წლიდან იწყება, როდესაც ის ჯგუფის კერძო საბანკო კლიენტი იყო. სწორედ მაშინ გაჩნდა დეტალები, რომ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში Credit Suisse-ის კერძო ბანკირი პატრის ლესკადრონი თაღლითობდა შვეიცარიული ბანკის ანგარიშებთან დაკავშირებით – მათ შორის ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვიტალი მალკინის ანგარიშებზე. ბიძინა ივანიშვილი ბანკის თანამშრომელს, პატრიკ ლესკადრონს 2005 -2015 წლებში მისი ფულის არასწორად განკარგვაში და არამიზნობრივ ინვესტიციებში ადანაშაულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლესკადრონმა ივანიშვილის ფინანსური აქტივები სხვა კლიენტების დანაკარგის გადასაფარად გამოიყენა. თავად Credit Suisse-ში კი მუდმივად აცხადებდნენ, რომ ივანიშვილის ბანკირი ბანკისგან დამოუკიდებლად მუშაობდა.